ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

15 მარტი, 2013 • • 1066
საპარლამენტო კომიტეტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში  ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებაა. უმცირესობაში კი თვლიან, რომ „ქართულ ოცნებას“ ტელევიზიის გაკონტროლება სურს. 

 

“ოპოზიცია ვერ დაუჭერს მხარს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესთან დაკავშირებით ცვლილებებს. ამ კანონპროექტის მიღება იქნება პირდაპირი ჩარევა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შემდგომ იმისთვის, რომ შეცვლილი იქნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არის ყველაზე დაბალანსებული საქართველოში არსებულ ტელევიზიებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის ინიციატორმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ის მზად არის უკან დაიხიოს გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით. ჩვენ ამას მივესალმებით და მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა იმისთვის, რომ არ მოხდეს პირველი – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნა; მეორე – გავითვალისწინოთ კანონპროექტის მიღების დროს დასკვნა ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლისა. მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა სრულიად იყოს გაზიარებული კანონპროექტის ინიციატორების მხრიდან,” – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის და განათლების კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ უმცირესობის შიშები გადაჭარბებულია:

 

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული ურთიერთობა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უმცირესობასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენ შევთანხმდით, უმცირესობის ქვოტებთან დაკავშირებით კანონპროექტში მუხლობრივი განხილვის დროს ჩაიწეროს უფრო მკაფიო ფორმულირება, რომ მათ, როგორც უმცირესობის წარმომადგენლებმა, უფრო უკეთ დაცულად იგრძნონ თავი. თუმცა ვფიქრობ, რომ  უმცირესობის შიშები არის ნამდვილად გადაჭარბებული. ის, რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან არ იქნება დაკომპლექტებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დემოკრატიას.

 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს. არსებული კანდიდატურებიდან 3 საპარლამენტო უმრავლესობამ, 3 უმცირესობამ, 2 სახალხო დამცველმა და 1 აჭარის ტელევიზიამ უნდა აირჩიოს.

 

საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლის გარდა, კანონპროექტი must carry-სა და ელექტრონული მედიის ფინანსური გამჭვირვალობის  საკითხებსაც მოიცავს, ასევე, აჭარის ტელევიზიის გარდაქმნას საზოგადოებრივ მაუწყებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი