ახალი ამბები

RFE/RL – ის პრეზიდენტი საზმაუს გადაწყვეტილებით გაწბილებულია

17 ივნისი, 2017 •
RFE/RL – ის პრეზიდენტი საზმაუს გადაწყვეტილებით გაწბილებულია

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ტომას კენტი აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “წითელი ზონა” და ინტერview მომდევნო სეზონიდან ეთერში აღარ გავა, „გაწბილებას იწვევს”.

ამის შესახებ ნათქვამია მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

“ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საზოგადოებრივ დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში”, – აცხადებს კენტო.

მისვე თქმით, კომპანია განიხილავს სხვა ვარიანტებს და “იმედოვნებს, რომ პროგრამები სხვა პლატფორმებზე განაგრძობს არსებობას”.

13 ივნისს რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ  მათ წერილობით მიიღეს შეტყობინება, რომ გოგი გვახარიას გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერview” მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.  კაკაბაძის განცხადებით, გადაცემების დახურვის მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ ტელეკომპანია პირველს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გარე სტუდიებთან თანამშრომლობას წყვეტს და ამის გამო დახურეს გადაცემები – “წითელი ზონა” და “ინტერview”.

“ფაქტი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში გადაცემის მოხვედრის წესი. ჩვენთან გადაცემა მზადდება ორ ბლოკში. მედიაწარმოების ბლოკში გამოცხადებული იყო კონკურსი. გადაცემები ამ ბლოკში მხოლოდ და მხოლოდ მოხვდება კონკურსის წესით. და მეორე – ეს არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, სადაც გადაცემები მოხვდება მხოლოდ და მხოლოდ შიდა რესურსით, ანუ თანამშრომლობა გარე სტუდიებთან, თანამშრომლობა სხვა მედაორგანიზაციებთან, იმ ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც იყო დადებული, მაგალითად, რადიო თავისუფლებასთან, ამ ეტაპზე არ იგეგმება. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამბიცია, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის პროდუქტი, რაც შემოვა მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის წესით და დამზდდება შიდა რესურსით. ესაა და ეს, მეტი არაფერი”, – ამბობს ია ანთაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი