ახალი ამბები

რადიო თავისუფლება: ვეძებთ შესაძლებლობას, რომ ‘წითელი ზონა’ და ‘ინტერview’ სხვა პლატფორმებზე გაგრძელდეს

17 ივნისი, 2017 •
რადიო თავისუფლება: ვეძებთ შესაძლებლობას, რომ ‘წითელი ზონა’ და ‘ინტერview’ სხვა პლატფორმებზე გაგრძელდეს

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გაწბილებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ გაუშვებს ეთერით მის ორ გადაცემას- “წითელ ზონასა” და “ინტერview”-ს.

რადიო თავისუფლების პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ „წითელი ზონა“, რომელიც თითქმის ერთი ათწლეული გადიოდა ეთერში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საბჭოურ მემკვიდრეობას და წარმოაჩენდა კულტურის იმ მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი დღევანდელ საქართველოში. „ინტერVIEW“ არის მწვავე დისკუსიებზე ორიენტირებული ტოკშოუ, რომლის მიზანია საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა და აქტიური პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა.

“რადიო თავისუფლების” დირექტორის, თომას კენტის განცხადებით,  გადაცემების დარუხვაზე გადაწყვეტილებით  “იმედგამაცრუებელია, რადგან ორივე გადაცემამ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებრივი დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში.”

მან განაცხადა, რომ კომპანია ეძებს სხვა შესაძლებლობებს და იმედიანადაა განწყობილი, რომ ეს გადაცემები სხვა პლატფორმებზე გაგრძელდება.

“რადიო თავისუფლების” პრესრელიზში, რომელიც გუშინ, 16 ივნისს გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ 5 ივნისს მიიღეს წერილობითი შეტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლისგან იმისთაობაზე, რომ კონტრაქტს აღარ გაუგრძელებდნენ რადიო თავისუფლების ორ გადაცემას, “წითელ ზონასა” და “ინტერview”-ს.

პრესრელიზში ასევე მითითებულია, რომ “freedom house”-ის 2017 წლის ანგარიშში საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად სახელდება და 198 ქვეყანას შორის 102-ე ადგილი უჭირავს.

13 ივნისს რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ  მათ წერილობით მიიღეს შეტყობინება, რომ გოგი გვახარიას გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერview” მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.  კაკაბაძის განცხადებით, გადაცემების დახურვის მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი