ახალი ამბები

საია: სასამართლომ GPB-ის დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა

15 მარტი, 2013 • 893
საია: სასამართლომ GPB-ის დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა

გიორგი ბარათაშვილის სარჩელი სასამართლომ დასაშვებად სცნო და მოსამზადებელი სხდომა 2013 წლის 8 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

 

ბარათაშვილი ითხოვს სამეურვეო  საბჭოს 2013 წლის 04 მარტის გადაწყვეტილების  ბათილად ცნობას, სამუშაოზე  აღდგენასა და იძულებითი  განაცდურის ანაზღაურებას.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილი მას შემდეგ დაითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა სამსახურიდან გაათავისუფლა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი.

 

სამეურვეო საბჭომ ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსი 5 მარტს გამოაცხადა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც ჩერდება კონკურსი, სამურვეო საბჭო 18 მარტის 18:00 საათმდე აგრძელებს კონკურსანტების საბუთების მიღებას. ამ დროისთვის განცხადება 35 კონკურსანტს აქვს შეტანილი, მათ შორის არიან: “მეორე არხის” პროდიუსერი დოდო შონავა, „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, “ინფო 9”-ის ტექნიკური დირექტორი ბაკურ სვანიძე, “კომედი არხის” პროგრამების რედაქტორი ოთარ ლომთაძე და სხვები.

 

“დავძენთ, რომ სამეურვეო საჭოს 4 მარტის გადაწყვეტილება მყარ სამართლებრივ არგუმენტებს ეფუძნება, რომელთა დაცვას საბჭო საჭიროების შემთხვევაში სასამართლო გზითაც შეეცდება”, – ნათქვამია სამეურვეო საბჭოს განცხადებაში.

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ყოფილი დირექტორის უფლებამოსილების აღდგენის შემთხვევაში ახლადდანიშნული დირექტორის უფლებამოსილება წყდება, თუკი ასეთი მანამდე იქნება არჩეული საბჭოს მიერ. გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე იგივე სამეურვეო საბჭომ ორი თვის წინ შეარჩია კონკურსის გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი