ახალი ამბები

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოლიციელების მხრიდან 15 ივნისს ქალზე შესაძლო ძალადობაზე

16 ივნისი, 2017 •
პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოლიციელების მხრიდან 15 ივნისს ქალზე შესაძლო ძალადობაზე

თბილისის პროკურატურა პოლიციელების მხრიდან მოქალაქე ი.ლ-ს მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებს.

ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს გუშინ, 15 ივნისს ნაცემი ქალის უფლებადამცველმა დაუდასტურა. როგორც საიას იურისტი, რევაზ აჭარაძე ამბობს, მას უკვე დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და აცნობეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

აჭარაძის თქმით, იგეგმება მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვაც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ი.ლ-ს ტვინის შერყევა აქვს მიღებული, როდის ჩატარდება პროცედურა, ჯერჯერობით უცნობია.

ი.ლ. ამბობს, რომ 15 ივნისს, გამთენიისას, ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების კიდევ ორმა პოლიციელმა სცემა.

ნაცემი ქალის მეორე ადვოკატის, ნინო ბოლქვაძის თქმით, დაზარალებულ ქალს მოქალაქესთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც თავად გამოუძახა პოლიციას, თუმცა, როგორც თავად ჰყვება, პოლიციელების მხრიდან ამას არ მოჰყოლია რეაგირება, რის შემდეგაც ხელმეორედ განახორციელა გამოძახება და შემთხვევის ადგილზე იმავე განყოფილების სხვა თანამშრომლები მივიდნენ.

“კამათის დროს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ამის საპასუხოდ პოლიციელმა თმაში მოჰკიდა ხელი, შედგა ფეხებით და სცემა. აქვს მრავლობითი დაზიანება მიყენებული,” – უთხრა ნეტგაზეთს ნინო ბოლქვაძემ.

მოგვიანებით ამ საკითხის თაობაზე შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

“პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ის თქმით, პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების თანახმად დააკავა. როგორც შსს ირწმუნება, ქალს სხეულზე დაზიანებები პოლიციის მისვლამდეც აღენიშნებოდა. შსს ავრცელებს ვიდეომასალასაც, რომელიც ორ ქალს შორის ჩხუბს ასახავს, თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვინ არიან აღნიშნული პირები. შსს-ს ცნობით, ვიდეო მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

მოქალაქე ი.ლ-ს ადვოკატებმა, საქმის გამოძიების მოთხოვნით თბილისის პროკურატურას გუშინ, 15 ივნისს მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი