ახალი ამბები

ივანიშვილი: რასაც დავპირდით მოსახლეობას, ვასრულებთ გადაჭარბებით

14 მარტი, 2013 • 1014
ივანიშვილი: რასაც დავპირდით მოსახლეობას, ვასრულებთ გადაჭარბებით

“ჩვენ ვასრულებთ და ვასრულებთ გადაჭარბებით, რასაც დავპირდით მოსახლეობას. ბევრი რამ, რაც არჩევნების პროცესში არ იყო ნათქვამი, დაემატა.

რაც შეეხება ხვნა–თესვას, ქვემო ქართლში 35%–მდე უკვე დაიხნა, მცხეთა–მთიანეთსა და შიდა ქართლში -20%, კახეთში -ჯერ მხოლოდ 10%, იმერეთში ორი დღეა, რაც დაიწყო, ამინდებზეა დამოკიდებული, ტექნიკა 300 ერთეულზე მეტი დავუკვეთეთ და უკვე ჩამოგვდის. ჯამში, 250 000 ჰექტრამდე დაიხვნება, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე წინა წლებში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ- მინისტრის თქმით, სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგება თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ სამეგრელო, რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი.

რაც შეეხება შეღავათიან კრედიტებს საწარმოების მშენებლობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, დაფინანსდება ყველა პროექტი, რომელიც რელევანტური იქნება:

“მე ვაცხადებდი, რომ გადამამუშავებელი ქარხნებისათვის და საწარმოებისთვის გაიცემა ხანგრძლივი კრედიტები, 3%–მდე, მინიმუმ 60 საწარმოსთვის, თუ იქნება უფრო მეტი აქტიურობა, იქნება შეუზღუდავად. რამდენი პროექტიც შემოვა, ყველას ექნება საშუალება მიიღოს გრძელვადიანი, მინიმუმ 7-წლიანი კრედიტი, 30 000–დან 600 000–მდე ლარი. ეს მცირე და საშუალო საწარმოს შეძენისათვის საკმარისია და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, თუ ექნება შესატყვისი პროექტი. 60 საწარმო მინიმუმია, მე ვამბობდი, რომ რეგიონში ერთი საწარმო მაინც უნდა დაფუძნდეს, თუ იქნება მეტი, ამის საშუალებაც იქნება”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთ–ერთი პროექტი, რომელზეც არჩევნების დროს საუბარი არ ყოფილა და ხორციელდება, უპროცენტო, 6-თვიანი სასაქონლო კრედიტების გაცემაა. პრემიერის თქმით, ასეთი კრედიტებში ადრე გლეხები 30%–ზე მეტს იხდიდნენ, რაც მათ მძიმე ტვირთად აწვებოდათ. მისივე თქმით, საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის ასევე გაიცემა  5 000–დან 10 000- ლარიანი კრედიტები დაბალი განაკვეთით, რომლის გადახდის ვადაც 2 წლამდე გაიზარდა.

“რაც შეეხება სარწყავ არხებს,  210- კილომეტრიანი მაგისტრალური არხი უკვე შეკეთებულია, სამუშაოები მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს 11 500 ჰექტარი მიწა მოვამარაგოთ წყლით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი