პარასკევს, 16 ივნისს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართება აქცია, სახელწოდებით ‘საზმაუ ჩვენია”. ფეისბუკზე შესაბამისი ანონსი ლაშა მესხმა შექმნა, რომელიც მოამბის ყოფილი თანამშრომელია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ დაიხურა. გადაცემების დახურვა და მაუწყებელში განსხვავებული აზრის დევნა დღეს არ დაწყებულა. ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში შიშმა და განუკითხაობამ დაისადგურა. საფრთხე შეექმნა 1200-ზე მეტ დასაქმებულს, თუმცა მაშინ სამოქალაქო პროტესტის გამო ნეგატიური პროცესების შეფერხება მოხერხდა, თუმცა, როგორც გაირკვა, დროებით.
ივლისის თვეში საფრთხე სხვა გადაცემებთან ერთად ელის მეორე არხს და იქ დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას. ახლა გაჩუმების და მოცდის დრო არაა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის ტელევიზია და არა რომელიმე პოლიტიკური ელიტის. შესაბამისად, იმ გადაცემების დახურვა, რომლებიც პოლიტიკური თუ სხვა საკითხების მიმართულებით იყო მწვავე და შეიცავდა ანალიზს, საფრთხეს უქმნის არა მარტო რომელიმე დასაქმებულს, არამედ მაუწყებლის იდეას.
დიახ, დღეს საფრთხის წინაშეა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მკვეთრად ევროპული ინსტიტუტი.
ჩვენ, როგორც ამ ტელევიზიის პირდაპირი ინვესტორები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ის.
საზმაუ ჩვენია და არავის არ აქვს უფლება, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს მის ირგვლივ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად აქცია გაიმართება პარასკევს, 16 ივნისს, ორგანიზაციის კიბეებთან.
13 საათზე ველოდებით მაუწყებლის მაყურებლებს, მათ, ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყანაში ევროპული ძლიერი ინსტიტუტის არსებობა”, – ნათქვამია აქციის საორგანიზაციო გვერდის განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ ტელეკომპანია პირველს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გარე სტუდიებთან თანამშრომლობას წყვეტს და ამის გამო დახურეს გადაცემები – “წითელი ზონა” და “ინტერview”.
“ფაქტი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში გადაცემის მოხვედრის წესი. ჩვენთან გადაცემა მზადდება ორ ბლოკში. მედიაწარმოების ბლოკში გამოცხადებული იყო კონკურსი. გადაცემები ამ ბლოკში მხოლოდ და მხოლოდ მოხვდება კონკურსის წესით. და მეორე – ეს არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, სადაც გადაცემები მოხვდება მხოლოდ და მხოლოდ შიდა რესურსით, ანუ თანამშრომლობა გარე სტუდიებთან, თანამშრომლობა სხვა მედაორგანიზაციებთან, იმ ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც იყო დადებული, მაგალითად, რადიო თავისუფლებასთან, ამ ეტაპზე არ იგეგმება. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამბიცია, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის პროდუქტი, რაც შემოვა მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის წესით და დამზდდება შიდა რესურსით. ესაა და ეს, მეტი არაფერი”, – ამბობს ია ანთაძე.
ანთაძის განმარტებით, რადიო “თავისუფლებასთან” თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ გარე სტუდიებან კონტრაქტის შეწყვეტაა.
“ბევრი რამ იცვლება საზოგადოებრივ მაუწყებელში. როდესაც ჩვენ მივალთ ბოლომდე და ჩამოვაყალიბებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ სახეს, იურიდიულად და ფაქტობრივად, რასაც შევთავაზებთ მომავალი სეზონიდან მაყურებელს, ბევრი რამ გახდება უფრო მკაფიო, ვიდრე არის დღეს. პირადად მე ვიყავი ამ გადაცემის მაყურებელი. სალომეს გადაცემა “ინტერview” იყო ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო ჩვენს ეთერში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც პრინციპები, რომლებიც მკვიდრდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მე ძალიან მომწონს. და ძალიან მომწონს ჩვენი ამბიცია, რომ ჩვენ ჩვენი ძალებით ვცადოთ და მაყურებელს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია”, – განუცხადა “პირველს” ია ანთაძემ.
13 ივნისს რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავათ კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ მათ წერილობით მიიღეს შეტყობინება, რომ გოგი გვახარიას გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერview” მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.
კაკაბაძის განცხადებით, გადაცემების დახურვის მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.