ავტორიზაციის „ბიუროკრატიული სისტემა“
უმაღლესი სასწავლებლებისთვის სახელმწიფო აწესებს ავტორიზაციის სამ ძირითად სტანდარტს, რომელიც ეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლებლის მატერიალურ რესურსსა და ასევე, ადამიანურ რესურსს. თითოეული ეს სტანდარტი შედგება სხვადასხვა კომპონენტისგან. მაგალითად, სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ დაწესებულებას თითოეული საგანმანათლებლო საფეხურისათვის შემუშავებული აქვს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესები. გარდა ამისა, მნიშვნელობა ენიჭება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასწავლებელში პროფესორების რაოდენობა, ვებგვერდის ინფორმაციულობა, საევაკუაციო გეგმის თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა და ა.შ.
საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების ხელმძღვანელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის სისტემა, რომელიც დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრობისას ჩამოყალიბდა, არის ზედმეტად ბიუროკრატიული, საფრთხის წინაშე აყენებს ნებისმიერ უნივერსიტეტს და არის შესაცვლელი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე და სახელმწიფო არ უნდა იყოს უნივერსიტეტების ერთადერთი შემმოწმებელი და ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი.
“აკრედიტაცია არ არის დასჯა, ეს არის დახმარება განვითარებაში, ძირითადად ეს ხდება უნივერსიტეტების მიერ თანხმობით. ისე კი არა, რომ სახელმწიფოს დაარსებული აქვს რაღაც მონსტრი, რომელიც გეუბნება, რომ ახლა ეს ხალხი მოვა შენთან, გინდა თუ არა”, – განუცხადა გიგი თევაზეძემ “ნეტგაზეთს”.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტის რექტორის მოსაზრებით, არსებობს მარტივი პრინციპები, რომელსაც შეიძლება დაემყაროს სამართლიანი და განვითარებისკენ მიმართული ავტორიზაციის და აკრედიტაციის სისტემა. მისივე თქმით, დღეს არსებული სისტემა იძლევა საშუალებას, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფომ ნებისმიერ უნივერსიტეტს აღმოუჩინოს დარღვევა.
“ეს არ უნდა იყოს ორიენტირებული ვინმეს გამოჭერაზე. აქ მნიშვნელოვანია, როგორ ამოწმებენ და არა – რას ამოწმებენ”, – მიიჩნევს გიგი თევზაძე.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაკა იოსელიანი იზიარებს მოსაზრებას, რომ ავტორიზაციის სისტემა დასახვეწია, თუმცა, სისტემის ძირითადი ღერძი შესანარჩუნებელია. მისი თქმით, არსებული სისტემის პრობლემაა ბიუროკრატიულობა და ისეთ დეტალებში ჩაღრმავება, რომელიც არსებულ რეალობაზე არაა მორგებული, გარდა ამისა, სტანდარტის დაცვის ბევრ მოთხოვნას შინაარსი არ გააჩნია და არანაირი შედეგის მაჩვენებელი არაა. შესაბამისად, ის ვერ ასახავს შემოწმების და ხარისხის თვალსაზრისით ობიექტურ სურათს.
“არის ძალიან ბევრი უზუსტობა და მგონია, რომ ძალიან ნაჩქარევი იყო ამ სტანდარტების შემოღება საქართველოში. მაგალითად, სილაბუსის კუთხით მოთხოვნა იყო აბსურდული. ბაკალავრიატში ითხოვდნენ წინასწარ, 5 წლის შემდეგ რა სილაბუსით იხელმძღვანელებს ლექტორი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ საკითხავი მასალა უნდა იყოს უახლესი და დროული, ხუთი წლის შემდეგ ეს მასალა შეიძლება რეალურად იყოს შეცვლილი, ან ლექტორი იყოს შეცვლილი. ხუთი წლის შემდეგ რა იქნება, არავინ არ იცის“, – ამბობს მაკა იოსელიანი. მისივე მოსაზრებით, ამ სტანდარტების შემუშავებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებები და განათლების სამინისტროს მათგან მოესმინა კონკრეტული შენიშვნები და პრეტენზიები.
გაუქმებული ავტორიზაცია
აგრარული უნივერსიტეტი, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია გაუუქმა 12 მარტს, ამტკიცებს, რომ მას ავტორიზაციის საბჭომ არ მისცა დრო ხარვეზების გამოსასწორებლად. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება დაიწყო 2013 წლის 3 იანვარს რამდენიმე კვირის წინ შესული განცხადების საფუძველზე, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევაზე. 2013 წლის 26 თებრვალი – 1 მარტის სხდომაზე განიხილეს დარღვევები, ავტორიზაციის საბჭომ მოამზადა დასკვნა და აგრარულ უნივერსიტეტს მიეცა ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. 11 მარტს კი საბჭომ განიხილა ხარვეზების შესრულების ანგარიში და გამოიტანა გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. როგორც ავტორიზაციის საბჭომ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება საგაზაფხულო სემესტრის დასრულების, ანუ 4 თვის შემდეგ, რაც უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას გამოასწოროს ხარვეზები.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში წერია, რომ ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ სასწავლებელი კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო მის სტუდენტს უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი 5 წლით და შეუძლია შესაბამის სპეციალობაზე სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. ამავე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ სასწავლებლისთვის გამოსასწორებელი ვადის მიცემაზე, რაც გააკეთა აგრარულ უნივერსიტეტთან მიმართებაში ავტორიზაციის საბჭომ. საბჭომ ავტორიზაციის გაუქმებამდე უნდა მისცეს სასწავლებელს ხარვეზების გამოსასწორებელი გონივრული ვადა, რაც მინიმუმ 15 დღე უნდა იყოს.
„არ გვქონია არანაირი ვადა, ჩვენ ზუსტად ამას ვიხვეწებოდით, რომ მოეცათ ორკვირიანი ვადა, როგორც კანონმდებლობით არის დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად და არ მოგვცეს, თანაც იცრუეს, რომ არ მოგვითხოვია. არსებობს ვიდეო, სადაც ლაშა გოცირიძე ითხოვს ვადას გამოსწორებისთვის, მაგრამ არ დააკმაყოფილეს. ეს ვადა შეიძლება მოითხოვო გადაწყვეტილების მიღებამდე, იქ ვიყავით, სხდომა მიდიოდა, ვადას ვითხოვდით, გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, მაგრამ არ გაითვალისწინეს“, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აგრარული უნივერსიტეტის იურისტმა ლილი ბეგიაშვილმა.
მისივე მტკიცებით, 11 მარტის მდგომარეობით უნივერსიტეტს ყველა ხარვეზი ჰქონდა გასწორებული, თუმცა, 11 მარტს სხდომაზე მისულებს ავტორიზაციის საბჭომ დაახვედრა ახალი დასკვნა, სადაც ახალ ხარვეზებზე იყო საუბარი, რომლის შესახებაც უნივერსიტეტმა არაფერი არ იცოდა.
პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ კანონის უზენაესობა?
აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კახა ბენდუქიძე უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს
პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მისი განცხადებით, ის მიზეზები, რის გამოც სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა, სწავლის ხარისხთან არავითარ კავშირში არაა:
“ამ მიზეზებს არავითარი კავშირი არ აქვთ განათლების ხარისხთან, ამ მიზეზებს არ აქვთ კავშირი ინფრასტრუქტურასთან, რომელშიც ეს სტუდენტები მოქმედებენ- რეაქტივებთან, ლაბორატორიებთან, წიგნებთან- ამას აქვს კავშირი მხოლოდ უხარისხოდ ჩატარებულ წინასწარ მოტივირებულ შემოწმებასთან, რომლის შედეგიც ცხადი იყო, რომ იქნებოდა უარყოფითი. ეს, ჩემი აზრით, არის ჩემთან ბრძოლის ერთ–ერთი მიზეზი, უბრალოდ, ერთ ადამიანთან ბრძოლას განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გადაეყოლებინა 2000–მდე სტუდენტი”, – აცხადებს კახა ბენდუქიძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი, ის საბჭო, რომელმაც უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერა, წინა ხელისუფლების პირობებში დაკომპლექტდა და თუნდაც ეს ადასტურებს იმას, რომ საბჭოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება არ მიუღია:
“არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ არის ლაპარაკი. ეს არის სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება. ჩვენი მიზანი ვინმეს დასჯა არაა, მიზანი დარღვევების გამოსწორებაა, გამოასწორონ დარღვევები და ხვალვე შეეძლებათ განაცხადის შემოტანა ავტორიზაციის მისაღებად”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. დღეს სტუდენტებმა მინისტრისგან დაპირება მიიღეს, რომ ხარვეზების გამოსწორების პროცესში ჩართვა მათაც შეეძლებათ.
ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა, რომელიც აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას ეხება, 39 გვერდს მოიცავს, სადაც კონკრეტული ხარვეზებია აღწერილი.
მაგალითად, ავტორიზაციის საბჭო აცხადებს, რომ აგრარულ უნივერსიტეტს თავისი აქტით დადგენილი აქვს ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობა, რაც არალეგიტიმურად ლახავს სტუდენტების უფლებებს. კანონმდებლობით, ფინანსური დავალიანება უნდა წარმოადგენდეს სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების და არა მისი შეწყვეტის საფუძველს.
„განსხვავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შეუძლია სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში, ხოლო სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 12 თვის გასვლის შემდეგ პირს ხელახლა მოუწევს ჩააბაროს გამოცდები და ხელახლა ჩაირიცხოს უნივერსიტეტში. ასეთი შემთხვევა აგრარულ უნივერსიტეტში 2011 წლიდან დღემდე რამდენიმე ასეული გამოვლინდა, კერძოდ, 609 სტუდენტს შეწყვეტილი აქვს სტატუსი, მათი ნაწილის მიმართ საბჭომ სწორედ აღნიშნული მუხლის დარღვევა დაადგინა.
შესაბამისად, დაწესებულებაში მოქმედი რეგულაცია არის სტუდენტის ინტერესებისთვის საზიანო და კანონშეუსაბამო“, – ნათქვამია ავტორიზაციის საბჭოს 13 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნულ არგუმენტს კახა ბენდუქიძე უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისმა უნივერსიტეტმა ათეულობით სტუდენტს, ვისაც სწავლის გადასახადის საშუალება არა აქვს, შესთავაზა სხვადასხვა ტიპის სამსახური, რომ მათ თავიანთი ხელფასით შეძლონ სწავლის გადახდა.
მაგალითად, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, ადო ბერიკელაშვილი, რომელსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტს მიღმა დარჩენა ემუქრებოდა, თავის ბლოგზე რამდენიმე კვირის წინ წერდა:
„კონტრაქტის თანახმად მომიწევს 2250 ლარის გადახდა, რომლის ნაწილსაც შემოთავაზებული საზაფხულო სტუდენტური დასაქმების ხელფასით გადავიხდი“.
ავტორიზაციის შეწყვეტის ერთ–ერთ მიზეზად ასევე დასახელებულია სადოქტორო პროგრამის განხორციელება აკრედიტაციის გავლის გარეშე და ა.შ.
აგრარული უნივერსიტეტის უნივერსიტეტის მფლობელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრარული უნივერსიტეტი 2011 წლის 25 მარტს არასამეწარმეო იურიდიულ პირად
გადაკეთდა, ამ დროისთვის მისი თანადამფუძნებლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და “აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი” იყო. 2011 წლის სექტემბრიდან კი უნივერსიტეტის დამფუძნებლად მხოლოდ “აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი” ფიქსირდება, რომელიც, თავის მხრივ, კახა ბენდუქიძის კუთვნილი “ცოდნის ფონდის” დაფუძნებულია.
კახა ბენდუქიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო კამპუსის ასაშენებლად მან 2008 წელს დიღომში მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელშიც 10 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ ინიციატივის შესახებ პრეზიდენტმა შეიტყო, შესთავაზა აგრარული უნივერსიტეტის შენობის შეძენა, რომელიც უკეთეს ადგილზე იყო განთავსებული. როგორც ბენდუქიძე აცხადებს, მას შენობა 5 მილიონ ლარად უნდა შეეძინა და 12- მილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, 2012 წლის 26 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა აგრარული უნივერსიტეტი დაათვალიერა. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის უნივერსიტეტში დასრულებული იყო ყველა აუდიტორიისა და ლაბორატორიის მშენებლობა რაც, ჯამში, 4 მილიონი ლარი დაჯდა.
როგორც კახა ბენდუქიძე აცხადებს, ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, ბევრად მეტია, ვიდრე დაგეგმილი იყო, ხოლო გარკვეული პროექტები კვლავ ხორციელდება, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე.