ახალი ამბები

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა 2024 წელს გაუქმდეს

14 ივნისი, 2017 •
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა 2024 წელს გაუქმდეს

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ 2024 წლის არჩევნებისთვის გაუქმდეს. “ქართულ ოცნებაში” ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ 13 ივნისს  უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციები გამართა. მისი თქმით, უმრავლესობაში თანხმდებიან,  რომ არსებული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება.

“ვმსჯელობთ, როდის გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, თუმცა შეთანხმება მიღწეულია, რომ უფრო დემოკრატიულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, “- აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა იქნება ბონუსის ზედა ზღვარი. ბონუსის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გადაწყვეტს:

“ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. თუ იქ იქნება საუბარი ბონუსის სისტემის შემოღებაზე, ჩვენ ამას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით გავაკეთებთ. სავარაუდოდ, ეს ზღვარი იქ უნდა გადიოდეს, როცა პარლამენტი მაღალი კვალიფიციური წარმომადგენლობით იღებს გადაწყვეტილებებს. ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს.”

______________________________________________________________________

5 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  შესაძლოა, გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აღარ მიეკუთვნოს და მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვროს.

ვენეციის კომისია მიესალმება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, თუმცა იწუნებს მანდატების გადანაწილების იმ მექანიზმს, რომელსაც საზოგადოებას მმართველი გუნდი სთავაზობს. ამის შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია აღნიშნული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი