ახალი ამბები

ვენეციის კომისია დასკვნის პროექტში მანდატების გადანაწილების “ოცნების” ვარიანტს აკრიტიკებს – წყარო

8 ივნისი, 2017 •
ვენეციის კომისია დასკვნის პროექტში მანდატების გადანაწილების “ოცნების” ვარიანტს აკრიტიკებს – წყარო

ვენეციის კომისია მიესალმება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, თუმცა იწუნებს მანდატების გადანაწილების იმ მექანიზმს, რომელსაც საზოგადოებას მმართველი გუნდი სთავაზობს. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში, რომელიც ნეტგაზეთს მიაწოდეს.

“ამჟამინდელი პროპორციულ/მაჟორიტარულის ჩანაცვლება პროპორციული საარჩევნო სისტემით უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც პარლამენტში პლურალიზმის გაძლიერებას ისახავს მიზნად, თუმცა ეს პოზიტიური ნაბიჯი ლიმიტირებულია 3 მექანიზმით:

  1. ნარჩუნდება 5%-იანი საარჩევნო ბარიერი
  2. იმ პოლიტიკური ძალების ხმები, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ (გაუნაწილებელი ხმები) გადაეცემა გამარჯვებულ ძალას
  3. საარჩევნო კოალიციები (ბლოკები) უქმდება

მართალია 5%-იანი საარჩევნო ბარიერი იდეალურად ჯდება ევროპულ სტანდარტებში და ცალკე აღებული კრიტიკას არ იწვევს, მაგრამ ერთად აღებული ეს სამი მექანიზმი ზღუდავს პროპორციული სისტემის ეფექტს პატარა პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და უფრო მეტად წარმოადგენს გადახრას სამართლიანი წარმომადგენლობის და საარჩევნო თანასწორობის პრინციპებისაგან, ვიდრე ეს სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაა საჭირო”, – ნათქვამია კომისიის დასკვნის პროექტში.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების სხვა მექანიზმებიც:

  • [გადაუნაწილებელი მანდატების] პროპორციულად გადანაწილება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს ან;
  • გამარჯვებული პარტიისთვის ზედა ზღვარის დაწესება
  • და/ან საარჩევნო ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა

ეს არ არის ვენეციის კომისიის უკვე დამტკიცებული დასკვნა, არამედ პროექტია. საბოლოო დოკუმენტს ვენეციის კომისია ივნისის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მანდატების განაწილების “ოცნების” მიერ შემოთავაზებული მოდელის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

“ბუნებრივია, ბონუსთან დაკავშირებით ზოგადი, ბლანკეტური შენიშვნა ვერ იქნება, საუბარია იმის შესახებ, რომ ბონუსი შეიძლება გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, კერძოდ, ზედა ზღვარი დაწესდეს. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომა იქნება ალბათ საბოლოოდ ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს სულისკვეთება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გარკვეული დოზით სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, ბონუსმა თანასწორობის პრინციპიდან ზედმეტად დიდი დაშორება არ უნდა გამოიწვიოს”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს დილით გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი