ახალი ამბები

კობახიძე: გაუნაწილებელ მანდატებზე შესაძლოა ზედა ზღვარი დაწესდეს

5 ივნისი, 2017 •
კობახიძე: გაუნაწილებელ მანდატებზე შესაძლოა ზედა ზღვარი დაწესდეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აღარ მიეკუთვნოს და მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვროს. ამის შესაახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისია ბონუსის სისტემას ნეგატიურად შეაფასებს, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული რეკომენდაცია  ბონუსის სისტემის  უფრო ცხადად ფორმულირების თაობაზე.

“რა თქმა უნდა, განიხილება ზედა ზღვრის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი გვქონდა საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის დროსაც. ანუ შეიძლება დაწესდეს ზედა ზღვრები – ეს შეიძლება იყოს აბსოლუტური ზედა ზღვარი, შეიძლება იყოს ფარდობითი ზედა ზღვარი ან ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში, აბსოლუტურად ცხადი გახდება ბონუსის მოცულობა და, შესაბამისად, მყარად იქნება დაცული საარჩევნო თანასწორობის პრინციპი. ასეთია ჩვენი მიდგომა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე სერიოზული წინააღმდეგობაა:

“ვიფიქრობ, რომ კონსენსუსის მიღწევის რესურსი არსებობს და ამაზე მუშაობა აუცილებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში არსებული სისტემა სერიოზულ რისკებს და საფრთხეებს ქმნის.  გასული 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლებამ ორჯერ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის საფუძველზე ჩამოაყალიბა ნახევრად ავტორიტარული რეჟიმი, შემდეგ- უკვე ავტორიტარული რეჟიმი. ჩემი, როგორც ერთი პარლამენტარის, პოზიციაა, რომ არა მარტო მიზანშეწონილია, არამედ აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. გუნდის შიგნით საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობაა,” – აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცეთ, მაგრამ, თუ ის ბარიერს ვერ გადალახავს, ყველა გაუნაწილებელ მანდატს პირველადგილოსანი პოლიტიკური გაერთიანება წაიღებს. შესაბამისად, თუ არჩევნებში პირობითად სახელისუფლო პარტია გაიმარჯვებს, გამოვა, რომ თქვენი ხმა, რომელიც გეგონათ, რომ ოპოზიციას მიეცით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ წავა. ამ ცვლილებას კონსტიტუციის ახალი პროექტი ითვალისწინებს. სწორედ ამ მოდელს ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” მაჟორიტარების ნაწილი.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტი.

თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.

ამის შემდეგ, კიდევ თუ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით განაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი