ახალი ამბები

ინაშვილი: კონგოში ქართველი მფრინავი საფრთხეშია და სახელმწიფო არაფერს აკეთებს მის დასახმარებლად

14 ივნისი, 2017 • 2069
ინაშვილი: კონგოში ქართველი მფრინავი საფრთხეშია და სახელმწიფო არაფერს აკეთებს მის დასახმარებლად

პარლამენტის ვიცესპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კონგოს რესპუბლიკაში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავი საფრთხეშია და საქართველოს სახელმწიფო არაფერს აკეთებს მის დასახმარებლად. ამის შესახებ ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

“ვართ თუ არა სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას მისი მოქალაქე, სადაც არ უნდა იყოს ის? ჩვენი კონსტიტუცია არის თუ არა იმის გარანტი, რომ სახელმწიფო მოქალაქეს ყველგან და ყოველთვის უნდა იცავდეს? მე ვერ ვხედავ, რომ საქართველოს სახელმწიფო იცავს, ან რაიმეს აკეთებს  სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელის დასადგენად, მის დასახმარებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან აბსოლუტური უმოქმედობაა.  ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, სასწრაფოდ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გაყუჩებულია და ის უნდა გამოფხიზლდეს:

“ჩვენ, დეპუტატებს, პასუხისმგებლობა არ გვაქვს მოქალაქის სიცოცხლეზე? არ შეიძლება კონგოში ჩასვლა, საუბარი, მოძიება, არ არის დიპლომატოური არხები? ვიმოქმედოთ ისე, როგორც ისრაელმა იმოქმედა. მოვუწოდოთ ჩვენს საგარეო სამინისტროს გამოფხიზლებისკენ, მოვიწვიოთ პარლამენტში და კონკრეტულ კითხვებზე გაგვცენ პასუხი,” – აღნიშნა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილს საპარლამენტო უმრავლსობის ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა. მისი თქმით,  სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი უკვე კონგოშია:

“ის აწარმოებს მოლაპარაკებას და ეძებს სამხედრო მფრინავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში, სადაც ათწლეულებია სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს, ვინმეს მოძებნა ადვილია, თუმცა მისი მოძებნისთვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს. ჩვენც სოლიდარულები ვართ მფრინავის და მისი ოჯახის მიმართ და ვპირდებით, რომ ყველანაირად გვერდში დავუდგებით,” – განაცხადა ლილუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი