ახალი ამბები

მუხთარლის ადვოკატის თქმით, თბილისში უშედეგოდ დაკითხულია 200-მდე მოწმე

13 ივნისი, 2017 • 2336
მუხთარლის ადვოკატის თქმით, თბილისში უშედეგოდ დაკითხულია 200-მდე მოწმე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აცხადებს, რომ გამომძიებლებმა დაახლოებით 200 საათი ფუჭად დახარჯეს იმ მოწმეების გამოკითხვაში, რომლებმაც არაფერი იციან.

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმეს ძველი თბილისის რაიონული პოლიციის განყოფილება იძიებს.  გამოძიება 31 მაისს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, საქმის გაცნობის შესაძლებლობა დღეს, 13 ივნისს, დილიდან მიეცათ. ადვოკატის ინფორმაციით,  სისხლის სამართლის საქმე 4 ტომისგან შედგება და დაკითხულია დაახლოებით 200 მოწმე, რომლებიც ძირითადად არიან იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, საიდანაც სავარაუდოდ მუხთარლი გაიტაცეს.

“არის მოწმეთა კატეგორია, რომლებიც დაკითხული არიან ვიდეოკადრების ამოღების ნაწილში, ანუ ვიდეოკამერების მეპატრონეები და ძირითადი მოწმეები, რომლებიც მიუთითებენ, რომ არავის არაფერი არ დაუნახავს, რაც არის ძალიან უცნაური და თან საგანგაშოც, ჩემი აზრით. გამომძიებლების დრო, ფაქტობრივად, 200 საათი, დაიხარჯა უშედეგოდ, იმისათვის, თითქოს მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ დასტურდება, რომ რეალურად, გამოძიება არ მიმდინარეობს – ეს არის საგანგაშო,”- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, გამოძიებას სრულყოფილად ამოეღო კამერების ჩანაწერები:

“ნაცვლად ამ არაფრის მომცემი დაკითხვებისა, ჯობდა, გამომძიებლების დრო დახარჯულიყო უფრო შედეგიანი საგამოძიებო მოქმედებებისთვის, მაგალითად, როგორიც არის სრულყოფილად ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება და გაანალიზება, რაც საშუალებას მისცემდა გამოძიებას, დაედგინა, მაგალითად, “ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც მოხდა გატაცება და უკვე ეს გახდებოდა იმის საფუძველი, რომ კონკრეტულ პირებზე გასულიყო გამოძიება. ნაცვლად იმისა, რომ ასეთი საგამოძიებო მოქმედებები უფრო ინტენსიურად ჩატარებულიყო და მესამე კვირაა, უკვე გამოძიება მიმდინარეობს, არაფრის მომცემი მოწმეების გამოკითხვის ოქმების შედგენა და 4 ტომი საქმის შეკერვა, ჩვენ ვთვლით, რომ არაფრის მოცემი არ არის,”- ამბობს არჩილ ჩიფიკაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში უკვე დევს კამერების ჩანაწერები, თუმცა კიდევ არის დარჩენილი კამერები, საიდანაც გამოძებამ კადრები უნდა ამოიღოს. ჩოფიკაშვილი შიშობს, რომ ამ კამერებიდან ინფორმაციის მოპოვება შეიძლება უკვე გვიანიც იყოს. მისივე თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომასალაშიც არის საინტერესო კადრები:

“ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერზე, სავარაუდოდ, ასახულია აფგან მუხთარლის ჩაჯდომა სამარშურტო ტაქსიში, რომელიც მიემგზავრება მუხთარლის საცხოვრებელი სახლისაკენ,”- ამბობს ჩოფიკაშვილი. თუმცა, დასძენს, რომ კონკრეტულად “ოპელთან” დაკავშირებით ამ ვიდეოკადრებში არაფერი ჩანს. მუხთარლიმ აზერბაიჯანში განაცხადა, რომ იგი “ოპელის” მარკის ავტომობილით გაიტაცეს საქართველოდან.

დღეს, 13 ივნისს ადვოკატმა ისევ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნოს აფგან მუხთარლი. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მანამდე იმავე მოთხოვნით ორჯერ მიმართეს პროკურატურას, თუმცა, მათგან რაიმე პასუხი არ მიუღიათ. ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ სასამართლოს მათი საჩივრის განხილვისთვის 15-დღიანი ვადა აქვს.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში ჟურნალისტებმა არაერთი აქცია გამართეს აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისიდან სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას დამაჯარებელი პასუხები მოთხოვეს იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც აფგან მუხთარლის შსაძლო გატაცებას უკავშირება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი