ახალი ამბები

უსუფაშვილი: აშშ-საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება

12 მარტი, 2013 • 962
უსუფაშვილი: აშშ-საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება

“ჩვენ შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ევროპის, კავკასიის და საქართველოს საკითხებზე. ამ შეხვედრებზე ჩვენი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სათქმელი იყო შემდეგი: ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შედგა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც.

 

“საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ახლა პარლამენტში გადის კენჭისყრაზე, არამედ ზოგადად კონსტიტუციის გაუმჯობესებაზე, ვინაიდან, როგორც მათ თავად აღნიშნეს, ძალიან ცუდი პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუცია ადამიანებზეა მორგებული. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ იმ კონსტიტუციით, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე იყო მორგებული“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ერიკ რუბინმა:

 

“მრავალი წლის განმავლობაში, აშშ და საქართველო თანამშრომლობს. მე ბატონ დავითს მოვახსენე ჩემი დადებითი აზრი მისი და მისი გუნდის ხელმძღვანელობის სტილის თაობაზე. ჩვენ ვიცით, რომ მათ მრავალი რთული გამოწვევა ჰქონდათ წინა თვეებში, და მიუხედავად ამისა, მათ შესძლეს ეთანამშრომლათ ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეზოლუციაზე, ასევე, ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვაზე. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს კონსტიტუციურ რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ამ კონსტიტუციის სტაბილურობას. მე ასევე მოვახსენე ბატონ დავითს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ასევე გვსურს გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს მზაობისა და თითოეული ქართველი ადამიანის წვლილისათვის ISAF-ის ოპერაციებში ავღანეთში. ეს ხელს უწყობს მეგობრობის გაღრმავებას და უფრო ამყარებს იმ დადებით და თბილ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა, თუმცა არ გვქონდა საკმაო დრო იმისათვის, რომ ყველაფერზე გვესაუბრა.

 

ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე საუბარს, განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დასახმარებლად, რათა მათ გაატარონ აუცილებელი ცვლილებები. აუცილებლად დავეხმარებით საქრთველოს მათ ეკონომიკურ დღის წესრიგში, რომლის მიზანიცაა დასაქმების გაზრდა და ვაჭრობაში ხელშეწყობა”, – განაცხადა ერიკ რუბინმა.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც კვირის განმავლობაში 50-მდე შეხვედრაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი