12 ივნის, თბილისში გამართულ ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების წევრმა თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა.
თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა, რადგან ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი საქართველოს არ ჰყოლია.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 22 სპორტსმენით წარდგება. მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება.
საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.
ევროპის ჩემპიონატი 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი).