ახალი ამბები

დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად 10 ივნისს აქცია გაიმართება

9 ივნისი, 2017 •
დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად 10 ივნისს აქცია გაიმართება

პროექტ“ბირჟა მაფიის” წევრი რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay – G) მხარდასაჭერად  ხვალ, 10 ივნისს, 19 საათზე თბილისში აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობისკენ მოაწყობენ მსვლელობას.

როგორც ჰიპჰოპ არტისტები, პროექტ PVP Battle-ს ორგანიზატორები და დაკავებულების მეგობრები ამბობენ, აქციები სისტემურ სახეს მიიღებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი პირი ნარკოდანაშაულზე დააკავეს. შსს-ის განცხადებით, პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან – მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიასგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება.

ორივე მათგნაის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, მოსამართლემ ორივე შემთხვევაში დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებულები კი აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.

Youtube-ში ItsYoungMic-ის არხზე განთავსებული ვიდეო 4 ივნისსაა ატვირთული და მასში ერთ-ერთი პერსონაჟი დაბლარულია. როგორც “ნეტგაზეთს” ერთ-ერთი დაკავებულის ცოლმა უთხრა, ვიდეოს გადაღებაში რეპერებს ფინანსურად “აჭარანეთი” დაეხმარა. ვიდეოს ინტერნეტში განთავსების შემდეგ მგალობლიშვილს “აჭარანეთიდან” დაურეკეს და უთხრეს, რომ შესაძლოა ვინმეს კლიპის გამო პრობლემები შექმნოდა. ამის შემდეგ, მგალობლიშვილის ცოლის თქმით, რეპერმა ვიდეო წაშალა და ხელახლა ატვირთა, პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი პერსონაჟი კი დაბლარა. ინტერნეტში იძებნება ვიდეოს ძველი ვერსია, სადაც ჩანს, რომ დაბლარული პერსონაჟი პოლიციელია.

 

ბირჟა მაფია

მასალების გადაბეჭდვის წესი