სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აზერბაიჯანელი დეპუტატის, ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანელი დეპუტატი ელმან ნასიროვი აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანულ-ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.