თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა პროექტ “ბირჟა მაფიის” ერთ-ერთ წევრს, რეპერ გიორგი ქებურიას (Kay G) წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარე კი 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
ბრალდებული ამბობს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა და არ განუმარტეს, რის გამო აკავებდნენ. რეპერი ამბობს, რომ ისე ჩასვეს მანქანაში და აღუკვეთეს თავისუფლება, მიზეზი არ უთქვამთ. ის ბრალს არ აღიარებს.
პატიმრობა შეეფარდა პროექტის მეორე წევრს, მიშკა მგალობლიშვილსაც.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან – მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიასგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება.
ორივე მათგანი დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.