ახალი ამბები

Kay G ნარკოდანაშაულს არ აღიარებს

9 ივნისი, 2017 •
Kay G ნარკოდანაშაულს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროექტ “ბირჟა მაფიის” კიდევ ერთი რეპერის, გიორგი ქებურიას (Kay G) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული ამბობს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა და არ განუმარტეს, რის გამო აკავებდნენ. რეპერი ამბობს, რომ ისე ჩასვეს მანქანაში და აღუკვეთეს თავისუფლება, მიზეზი არც უთქვამთ.

მისივე თქმით, როდესაც ადვოკატთან დაკავშირება მოითხოვა,  ამის საშუალება არ მისცეს. ქებურია ბრალს არ აღიარებს. თუმცა დილით უწყებაში აცხადებდნენ, რომ დაკავებული გ.ქ – გიორგი ქებურია, ჩადენილს აღიარებდა.

ქებურია ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა და ეუბნებოდნენ, ეთანამშრომლა პოლიციასთან, თორემ დიდი სასჯელი ელოდა. ქებურია ამ დაკავებას მუსიკალურ კლიპს უკავშირებს.

მისი თქმით, დაკავებისას უცნობმა პირმა თავი შეყო მანქანაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც კლიპს უკავშირდებოდა. ქებურია ამბობს, რომ მას ეუბნებოდნენ- “რა გემღერებოდა, თოვლის ბაბუებზე იმღერეო”.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან – მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიასგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი