ახალი ამბები

IDFI: 8 წლის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 363-ჯერ დაირღვა

9 ივნისი, 2017 •
IDFI: 8 წლის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 363-ჯერ დაირღვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა. სტატისტიკა ასევე მიანიშნებს, რომ რეგისტრირებული დარღვევების რაოდენობა მცირდება.

მაგალითად, თუ 2009 წელს ასეთი 78 შემთხვევა იქნა აღრიცხული, 2017 წელს ეს მონაცემი 19-ია. სტატისტიკური ინფორმაცია IDFI-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. ორგანიზაციის ცნობით, სამინისტრომ არ გასცა ინფორმაცია, თუ რამდენი პირი იქნა დაკავებული ან რამდენ პირს აეკრძალა შემოსვლა კანონის დარღვევის გამო. სამინისტრო ასევე უარს ამბობს, გაასაჯაროოს კანონის დამრღვევ უცხოელ თანამდებობის პირთა ე.წ. შავი სია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით.

“ეს კი შეუძლებელს ხდის კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას და იმის თქმას, სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი”,- ნათქვამია IDFI-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რითიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეიზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.

“ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა კითხვები, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ეს კანონი. მაგალითად, 2017 წლის მაისში მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა დაბრკოლების გარეშე შეძლო საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს იგი უკანონოდ იმყოფებოდა აფხაზეთში”,- აცხადებს IDFI.

იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.

რაც შეეხება იური ლუჟკოვს, სამინისტრომ განმარტა, რომ იგი შავ სიაში არ ფიქსირდებოდა, რის გამოც მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი, მისთვის შეექმნა დაბრკოლება. სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ საჯარო წყაროების მიხედვით, იური ლუჟკოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის დარღვევით ბოლო ვიზიტი ფიქსირდებოდა 2010 წელს. ვინაიდან გამოძიება 2010 წელსვე არ დაიწყო, 2017 წლისთვის ამ სამართალდარღვევას გასული ჰქონდა 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, განეახლებინა გამოძიება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს იური ლუჟკოვის პასუხისმგებაში არმიცემის დასაბუთება მიუთითებს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევ პირთა აღრიცხვის არაეფექტურობაზე. თუმცა ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა 2009 წლიდან დღემდე ე.წ. შავ სიაში აღრიცხული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით. შესაბამისად, უცნობი დარჩა, იყო თუ არა იური ლუჟკოვი შეყვანილი შავ სიაში, როცა მან საზღვარი გადმოლახა.

ასევე პრობლემურია ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა 2009-2016 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების საქართველოს საზღვარზე დაკავების ან/და საზღვარზე შემოსვლის აკრძალვის შემთხვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნული აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულების პროცესში შესაბამისი პოლიტიკური ნების არარსებობის შესახებ”,- ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი