ახალი ამბები

უცნობია 2013 წელს უცხოური ინვესტიციების ოდენობა

7 მარტი, 2013 • 1016
უცნობია 2013 წელს უცხოური ინვესტიციების ოდენობა

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ამაზე კითხვა მინისტრ ნოდარ ხადურს ნეტგაზეთმა  7 მარტს გამართულ მთავრობის სხდომის შემდეგ დაუსვა.

მინისტრი ხადური ამბობს, რომ ჯერჯერობით 2 თვეა გასული და ამ მონაცემებს სტატისტიკის სამსახური დაითვლის და გამოაქვეყნებს.

2012 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა. 2012  წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 269,4 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორეში – 219,4 მილიონი, მესამე კვარტალში კი 195,4 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და  განაცხადა, რომ  2013 წლის თებერვალში არის ამ სახის ბიზნესების 20%- იანი გააქტიურება. ხადურის თქმით, გაიზარდა საკასო აპარატებიდან ჩეკების ამორტყმის რაოდენობა და საწარმოების ბრუნვა.  

ხადური აღნიშნავს, რომ ამის ამსახველი სტატისტიკა სამინისტროს ვებ- გვერდზე გამოქვეყნდება.

ფინანსთა მინისტრმა 7 მარტს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის მიერ ვაუჩერებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაზეც. კირკიტაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტში არის 800 მილიონი ლარი თავისუფალი თანხა და მთავრობას მოთხოვა დაბეჭდოს 300- ლარიანი კომუნალური ვაუჩერები და მოსახლეობას დაურუგოს.

“კირკიტაძემ კარგად შეისწავლოს საბიუჯეტო კანონმდებლობა. 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არ არის გათვალისწინებული ვაუჩერების დარიგება. რაც შეეხება  ბარათებს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, ეს იხარჯება სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან და არა ბიუჯეტიდან”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი