ახალი ამბები

კონსტიტუციით აკრძალვამდე პარლამენტი უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე მორატორიუმს გამოაცხადებს

8 ივნისი, 2017 •
კონსტიტუციით აკრძალვამდე პარლამენტი უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე მორატორიუმს გამოაცხადებს

ეკა ბესელიას განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვაზე პარლამენტი მორატორიუმს გამოაცხადებს. დეპუტატის განმარტებით, მორატორიუმი გაგრძელდება კონსტიტუცით მიწის ყიდვის აკრძალვის ძალაში შესვლამდე.

ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობა უკან გაიწვევს რამდენიმე დღის წინ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მიწის ყიდვის მსურველ უცხოელებს ბიუროკრატიულ ბარიერებს უწესებდა:

“მორატორიუმი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე იმოქმედებს. შეჩერდება  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყოველგვარი გასხვისება. მორატორიუმი შეეხება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებს,” – აღნიშნა ბესელიამ.

მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი “ქართულმა ოცნებამ” პირველად 2013 წელს გამოაცხადა. მაშინ საქართველოს მოქალაქეების სასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწებს სტატუსს უცვლიდნენ და ისე ყიდდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ეკა ბესელიას თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდება, რათა ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს:

“მორატორიუმის განამვლობაში ჩვენ ვიმუშავებთ ახალ რეგულაციებზე, რათა პრაქტიკაში გამოჩენილი ყველა საფრთხისგან ვიყოთ დაზღვეული,”- ამბობს ბესელია.

პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად ერთსულოვნად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება. ამის შესახებ დღეს, 8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” წევრებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვაზე უცხოელებისთვის ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებს. სწორედ ამ კანონპროექტის უკან გაწვევას აპრიებენ დეპუტატები. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი