ახალი ამბები

TI: უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვით სახელმწიფო უარს ამბობს აგროსექტორის განვითარებაზე

8 ივნისი, 2017 • 2856
TI: უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვით სახელმწიფო უარს ამბობს აგროსექტორის განვითარებაზე

თეონა ზაქარაშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მთავარი იურისტი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა გამოიწვევს მიწის გაუფასურებას და გაზრდის კორუფციის რისკებს.

დღეს, 8 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციით აიკრძალება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება. თავმჯდომარის თქმითვე, ვიდრე კონსტიტუცია ძალაში შევა, პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომელიც კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე უზრუნველყოფს უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რას მოიტანს უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა, იურისტი გვპასუხობს:

“ეს არის უარი აგროსექტორის განვითარებაზე და ინვესტიციებზე, რომელიც ამ სფეროში შეიძლება ყოფილიყო. სახელმწიფო აკეთებს არჩევანს, რომ უარს ამბობს აგროსექტორის განვითარებაზე და მოქალაქეებს ეუბნება, რომ ამ სფეროში ინვესტირება ხდება შეუძლებელი, ან იმდენად რთული, რომ შეუძლებელი შეიძლება იყოს. ვფიქრობთ, რომ ეს რთული და მრავალსაფეხურიანი პროცედურები ზრდის კორუფციის რისკებს იმისათვის, რომ როგორმე ამა თუ იმ პირმა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები და შეიძინოს მიწა საკუთრებაში. ეს პირდაპირი მესიჯი უნდა აუხსნან მოქალაქეებს, რომ აქამდე მათ შეეძლოთ თავისუფლად აერჩიათ თავიანთი მიწის მყიდველი  – ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე- და მათ თვითონ შეეძლოთ, რა კრიტერიუმითაც სურდათ, იმ კრიტერიუმით შეეფასებინათ მყიდველი. დღეს კი სახელმწიფო ეუბნება, რომ არა, მე გიდგენ კრიტერიუმებს, თუ ის ფორმულირება იქნა, რომელიც დღეს გაჟღერდა, რომ საერთოდ ვერ გაყიდი უცხოელზე. შესაბამისად, მე გეუბნები, რომ ამ მიწას ვერ გაასხვისებ,”- ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

გარდა ამისა, იურისტი ფიქრობს, რომ დაიკლებს მიწის, როგორც სიკეთის ვალუტაში გაანგარიშებული ღირებულება.

“საუბარი ეხება მხოლოდ ერთი კატეგორიის, მხოლოდ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. ანუ, გლეხებს. სოფლად ვეუბნებით, რომ თქვენ ვერ მიხვდებით, როგორ გაყიდოთ და ახლა სახელმწიფო გეტყვით, როგორ გაყიდოთ. როცა სხვა კატეგორიის ნებისმიერ მიწას,  თუ ქალაქში გაქვთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გაასხვისებთ ისე, როგორც გნებავთ. სახელმწიფო, ორგანული კანონის მიხედვით, იტოვებს შესაძლებლობას, საგამონაკლისოდ თვითონ ამ რეგულაციების გვერდის ავლით გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, უცხოელებზე. თან, სასოფლო-სამეურნეო მიწის ყველაზე დიდი მესაკუთრე საქართველოში ამ ეტაპზე სახელმწიფოა და შემდეგ- უკვე  მოქალაქეები,”- განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო ჩანაწერს, ზაქარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზუსტად არ არის ცნობილი, რა ფორმულირებაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე და მხოლოდ მისი ზეპირი განცხადების შესახებ აქვთ ინფორმაცია. მისივე თქმით, ვიდრე საკონსტიტუციო ჩანაწერის ზუსტი ფორმულირება არ გახდება ცნობილი, რთულია თქმა, რა სამართლებრივი რეჟიმი იგულისხმება.

“ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციაში ასე დაწვრილებით მსგავსი საკითხების ჩაწერა მაინცდამაინც არ არის  მიზანშეწონილი, მით უმეტეს, ასეთი საკითხების. პარლამენტში არის შემოტანილი ორგანული კანონის პროექტი მიწაზე საკუთრებასთან დაკავშირებით, უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის ჩანაწერი დარჩებოდა და ეს კანონი მოაწესრიგებდა აღნიშნულ სიტუაციას. თუ აბსოლუტური აკრძალვა იქნება, მაშინ ეს დამატებით კანონი და მისი მოწესრიგების სფერო არ ვიცი, როგორ იქნება. ასე რომ, ჯერ ვნახავთ, რა აკრძალვაზეა საუბარი, ვნახავთ პროექტს და იმის მიხედვით შეგვეძლება, უფრი ფართო განმარტებები გავაკეთოთ,”- განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი