დღეს, 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სანტ–კიტსი და ნავესის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა, ანგარიშით 3:0.
თამაშის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანა მეტოქეს: ორი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი არაბიძემ, ხოლო ერთი – ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა.
19 წლის გიორგი არაბიძეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ვლადიმერ დვალიშვილისთვის ეს მე–6 გოლი საერთაშორისო იყო; სენტ–კიტსი და ნავესის ნაკრებამდე, 31 წლის ფორვარდმა ბოლოს გოლი 2014 წლის 29 მაისს საუდის არაბეთს გაუტანა.
სენტ–კიტსი და ნევისი წინა ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთთან 5:0 დამარცხდა, ხოლო საქართველომ ლატვიას თბილისში ხუთბურთიანი სხვაობით მოუგო.
სენტ–კიტსი და ნევისი ფიფას მსოფლიო რეიტინგში 89–ე ადგილს იკავებს, ხოლო საქართველო 122–ე ადგილზეა. ფიფა აღნიშნულ რეიტინგს იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენი თამაში აქვს ამა თუ იმ ნაკრებს მოგებული, წაგებული ან ფრედ დასრულებული. სენტ–კიტსი და ნევისის ნაკრები ძირითადად იმაზე გაცილებით სუსტ ნაკრებებთან თამაშობს, ვიდრე საქართველო ან სომხეთია. 2017 წელს ამ ნაკრების ყველაზე დიდ წარმატებად ესტონეთთან ფრედ დასრულებული შეხვედრა ითვლება.
11 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გასვლით შეხვედრაში მოლდოვას დაუპირისპირდება, თუმცა ამჯერად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში. მოლდოვამ 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულის მოპოვება შეძლო და D ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება.