ახალი ამბები

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს სამორინეების აკრძალვის ინიციატივით მიმართა

5 მარტი, 2013 • • 1188
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს სამორინეების აკრძალვის ინიციატივით მიმართა

დღეს, 5 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პეტიცია განიხილეს. პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ტოტალიზატორები, სამორინეები, სათამაშო კლუბები, სლოტ-კლუბები და მსგავსი ტიპის აზარტული თამაშების მომწყობი დაწესებულებები დასახლებული ადგილებიდან სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებში უნდა იყოს გადატანილი.

 

“ჩვენ შემოვედით პეტიციით, რომ მოხდეს ამ სათამაშო ბიზნესის სრული აკრძალვა, თავის მავნე ჩვევებიდან გამომდინარე. თუმცა, სანამ სრული აკრძალვა მოხდებოდეს, მანამდე ჩვენ წარმოვადგინეთ რეგულაციები, სადაც არის მითითებულ, რომ შემოღებული იქნას ასაკობრივი და ქონებრივი ცენზი. გადატანილი იყოს დასახლებული და რელიგიური და სასწავლო დაწესებულებიდან  მოშორებით, არადასახლებულ ადგილებში,”- ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი პაიჭაძე. 

 

მისივე თქმით,  დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამა, ასევე შეწყდეს “ფლეი ტვ”-ის მაუწყებლობა და გადაკეთდეს კოდირებულ არხად:

 

“უნდა შეწყდეს “ფლეი-ტივის” მაუწყებლობა. იმის მაგივრად, ახალგაზრდებს შრომისკენ და სწავლისკენ მოუწოდონ, მიდის იმის პროპაგანდა, რომ “ითამაშე და მოიგე”.

 

პაიჭაძე აცხადებს, რომ აუცილებელია ინტერნეტ- ტოტალიზატორების გაუქმებაც: 

 

“ინტერნეტ-თამაშების სრულიად აკრძალვას მოვითხოვთ. თუმცა საწყის ეტაპზე თანახმა ვართ, მისი ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს. კერძოდ, ინტერნეტ თამაშების მომწყობმა სუბიექტებმა შეიმუშაონ და დანერგონ პროგრამები. ამ პროგრამით და ბიომეტრიული პასპორტებით  შეზღუდვა რეალურად უნდა განხორციელდეს. ასევე, გამოვდივართ ინიციატივით ასაკობრივი ზღვარი გაიზარდოს 25 წლამდე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ქონებრივი ცენზის დაწესებას”.

 

პაიჭაძის განმარტებით, პეტიციის ერთ-ერთი მთავარი თემა ლიცენზიებია:

 

“უნდა აიკრძალოს ახალი ნებართვების გაცემა და არსებული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელება. ასე პრობლემა სრულიად იქნება აღმოფხვრილი.”

 

ამ პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით პეტიციის ავტორებს სხდომაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემელაძემ მიმართა:

 

“ჯგუფმა უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და პრობლემა გადაწყდეს იმგვარად, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა აზარტული თამაშების მავნე გავლენისა და შედეგებისგან”, – განაცხადა ტყემალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი