ახალი ამბები

რას მოიტანს ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსზე

5 მარტი, 2013 • 986
რას მოიტანს ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსზე

„ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესი ემთხვევა ჩვენსას. იცით, რომ ვილნიუსი არის მასპინძელი ქვეყანა სამიტისა, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი და ლიტვას გააჩნია დამატებითი ვალდებულება, რომ ჩვენ მივიღოთ ის მაქსიმუმი, რისი სურვილიც გაგვაჩნია. რჩევაც მივიღეთ, დღეს ბატონი ლინას ლინკევიჩუსი ასევე ხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მე ჩემი მხრივ უკვე დავთანხმდი, რომ საერთო განცხადებაც გავაკეთოთ, რომ ევროპელებისთვის ეს იყოს გასაგები და სასიამოვნო, რომ თანაცხოვრება მიმდინარეობს ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის და შეიძლება კიდევ გაჩნდეს საფუძველი ახალი შეხვედრის, ჩემი და პრეზიდენტის გუშინდელი ცარიელი შეხვედრის საპასუხოდ, რომ რაღაცას შეიძლება მივაღწიოთ და მოვილაპარაკოთ,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ერთობლივი განცხადების თაობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ლინკევიჩუსთან შეხვედრის შემდეგ:

 

სააკაშვილის და ივანიშვილის მეორე შეხვედრა
სააკაშვილის და ივანიშვილის მეორე შეხვედრა

“მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი შეთავაზება, რომ მე და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროკავშირსა და ნატოს, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, რომ გვინდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსი, ჩვენი პოლიტკური შიდა განსხვავების მიუხედავად… ჩვენი ერთობლივი მიმართვა, პრემიერისა და პრეზიდნეტის ხელმოწერებით, იქნება კარგი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, ქვეყნის მომავალი გვაღელვებს და ერთად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ხალხს”.

 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები დადებითად აფასებენ აღნიშნულ ინიციატივას, რომ გაკეთდეს პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსის თაობაზე. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს:

 

“ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც დასავლეთში, არ არსებობს კითხვის ნიშანი საქართველოს დასავლური ორიენტაციის ირგვლივ. თუმცა არის გარკვეული მეთოდოლოგიური მიდგომები, როგორ შეიძლება გამოვხატოთ ჩვენი დასავლური ორიენტაცია სიტყვით, საქმით. ზეპირი თუ საჯარო განცხადებების კეთებაზე დროის ხარჯვას სჯობდა, მეტად საქმით დავკავებულიყავით და გვეზრუნა დემოკრატიულ ინსტიტუტების გძლიერებაზე. მათ შორის სჯობს, დრო დავუთმოთ რეალურ საქმეს, რაც მიგვიყვანს ნატოს კართან. თუ ამის სურვილი აქვს უმცირესობას, მე აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ. “

 

გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი. თუმცა დეკემბერში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მისი მტკიცებით, ასეთი ინიციატივა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დეკემბერში გაახმიანა, თუმცა მაშინ პრემიერ-მინისტრმა კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ამ შესანიშნავ იდეას დაეთანხმა თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრიც. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინა იგი პრემიერ-მინისტრს და  პრემიერ-მინისტრმა კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია იმ ტექსტს, რომელიც შეთავაზებული იყო. რა თქმა უნდა, ახლა ბევრად ნაკლებად წაადგება… წაადგება, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ეს. გაუგებარი არის, რატომ უარყო თავის დროზე პრემიერ-მინისტრმა. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი იქნება, ეს ერთობლივი მიმართვა რომ გაიგზავნოს. ნეგატიური ფაქტორი არის ის, რომ დეკემბერსა და  დღევანდელ დღეს შორის მოხდა ძალიან ბევრი ცუდი რამ. ძალიან ბევრი საზიანო ნაბიჯი გადადგა ხელისულებამ საქართველოს იმიჯისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. “

 

მისივე თქმით, მიმართვის ტექსტი უნდა იყოს ძალიან მარტივი:

 

“ჩვენ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ვთვლით, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს წინსვლა ნატოს და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. ეს არის მრავალი თაობის ქართველის, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპული პატრიოტის ოცნება”.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც პრემიერმა გაავრცელა განცხადება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საგარეო პოლიტიკურ ქმედებებში არსებული შეუთავსებლობის თაობაზე, კერძოდ, ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამია:

 

“საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით, მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი