ახალი ამბები

დავით პაიჭაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ბრალდებებს პასუხობს

5 მარტი, 2013 • • 1314
დავით პაიჭაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ბრალდებებს პასუხობს

დავით პაიჭაძე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა გადაცემაში საეთერო დროის
 დათმობის თხოვნით მას გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მიმართა.

 

“1. გადაცემამდე 15 წუთით ადრე ძნელია შეცვალო გადაცემის დღის წესრიგი.

 

2. გადაცემის თემასა და სტუმრებს უწინარესად მე განვსაზღვრავ და ამ სარედაქციო დამოუკიდებლობას ვუფრთხილდები, თუნდაც კოლეგათა წინაშე.

 

3. მთავარი: სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო ერთ ადამიანს – გიორგი ბარათაშვილს: ის გადააყენეს. გიორგი ბარათაშვილი ამ საღამოს საქართველოში არ იმყოფება. ყველაზე ადეკვატური რესპოდენტი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისას სწორედ გიორგი ბარათაშვილი იქნებოდა სამეურვეო საბჭოს რომელიმე წევრთან თუ თავმჯდომარესთან ერთად, ამიტომ ეთერში არ მოვიწვიე არავინ არც სამეურვეო საბჭოდან. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი ავალდებულებს მრავალმხრივად და დაბალანსებულად წარმოაჩინოს მხარეთა ინტერესები. დღეს გიორგი ბარათაშვილის არყოფნის გამო ამ შესაძლებლობას მოკლებული ვიყავი. მხოლოდ, მაგალითად, ლევან გახელაძის სტუდიაში ჯდომა ქმნიდა ცალმხრივობის რისკს. გიორგი ბარათაშვილის თბილისში დაბრუნებისთანავე და მისი სურვილს შემთხვევაში, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ “დიალოგში” გავმართოთ დისკუსია მას და რომელიმე იმ ადამიანს შორის, ვინც ხმა მისცა გენერალური დირექტორის გადაყენებას”, – განმარტავს დავით პაიჭაძე.

 

მაშინ, როცა დავით პაიჭაძის გადაცემა დაიწყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში ჩართო “მეცხრე არხმა”, მოგვიანებით კი – “მაესტრომ”. მაუწყებლის თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ სამეურვეო საბჭოს და უკმაყოფილებას გამოხატავენ თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების გამო. მათ ასევე გამოხატეს უკმაყოფილება პერსონალურად დავით პაიჭაძის მიმართაც.

 

“ჩვენ აღარ გვინდა კრიზისულ ვითარებაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ გვინდა სიმშვიდე. ჩვენ გვინდა მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გუნდი, რომელიც შედგება გულშემატკივრებისაგან და არა ისეთი ჟურნალისტებისაგან, რომლებიც ეთერში არ საუბრობენ ამ პრობლემებზე, კერძოდ, ამ შემთხვევაში მე დავით პაიჭაძე მყავს მხედველობაში. მან თქვა, რომ ეს არ არის საზოგადოებისათვის საინტერესო თემა”, – განაცხადა “მეორე არხის” პროდიუსერმა დოდო შონავამ პრესკონფერენციაზე. მან მოუწოდა პარლამენტს, დროულად შევიდეს ცვლილებები მაუწყებლობის კოდექსში და საზოგადოებრივი მაუწყებელი “ჩადგეს ხალხის სამსახურში”, ასევე, “შეიქმნას ისეთი ბორდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კრიზისზე და მისცემს საშუალებას დირექტორს, განახორციელოს ნორმალური მენეჯმენტი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი