ახალი ამბები

ივანიშვილი: არავითარი ალბათობა არ არსებობს, რომ დაბრუნდეს სააკაშვილის ხელისუფლება

4 მარტი, 2013 • 1324
ივანიშვილი: არავითარი ალბათობა არ არსებობს, რომ დაბრუნდეს სააკაშვილის ხელისუფლება

“მე ამის გარანტიას ვაძლევ საქართველოს მოსახლეობას”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.

 

მისი თქმით, 19 აპრილის აქცია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, “ცარიელი ბაქი-ბუქია”:

 

“მე არ მახსოვს, როდის მოხდა, უგულავას დასაცავად რომ გამოვიდენენ – იქ დაითვალეს 350 ადამიანი. უკეთეს შემთხვევაში, ნახევარს შეინარჩუნებენ 19 აპრილამდე, ჩემი აზრით, ეს იქნება, თუ შედგება საერთოდ 19 აპრილი. გასაგებია, რომ ეს არის ცარიელი ბაქი-ბუქი, სათქმელი არაფერი აქვს მერაბიშვილს, იცის მანაც, რომ როგორც უგულავაზე, კითხვები მის მიმართაც არსებობს პროკურატურაში და მგონი, 19 აპრილი ამას მიუძღვნა მხოლოდ… ეს გაუგებარი მუხტი არ შედგება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არავითარი ალბათობა არ არსებობს, რომ დაბრუნდეს სააკაშვილის ხელისუფლება. მისი თქმით, სააკაშვილმაც უთხრა მას, რომ ამის სურვილი არ აქვს.   

 

“არ ვაპირებდი რჩევის მიცემას დღეს, მაგრამ მაინც ვუთხარი სააკაშვილს, დაბრუნდეს რეალობაში და მან ქართულ საზოგადოებას გაუწიოს ანგარიში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, დღეს მას არ ჰქონია სააკაშვილის რაიმეზე დათანხმების მცდელობა, მათ შორის არც საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლითაც უნდა შეიზღუდოს სააკაშვილის უფლებამოსილება მთავრობის ფორმირების საკითხში.

 

“მე არ მქონია მისი რაიმეზე დათანხმების მცდელობა, არც მომავალში მექნება ამაზე საუბარი. მათ წაართვეს ხალხს უფლება, ის ვალდებულია დაუბრუნოს ხალხს, რაც ეკუთვნის. უნდა გააცნობიერონ, რომ ხელისუფლება ხალხის ნებას უნდა ემსახურებოდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, იგი ვარაუდობს, რომ საკონსტიტიციო ცვლილებები პარლამენტში გავა, თუმცა ვერც იმაში ხედავს პრობლემას, თუკი კანონპროექტი ჩავარდება. ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს კონსტიტუციის მინიჭებული უფლების გამოყენებას, თუმცა ასეთი საუბარი პრემიერისთვის მიუღებელია, რადგან კანონი უნდა იყოს ისეთი, რომ მისი გამოყენება შეიძლებოდეს:  

 

“სააკაშვილს აქვს უფლება, მაგრამ სააკაშვილი ამას არ გამოიყენებს, ასეთ ფორმულირებაზე უნდა შევთანხმდეთ, ალბათ, რაც სასაცილოა”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი