ახალი ამბები

ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის

4 მარტი, 2013 • 1457
ჟურნალისტი  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  სასამართლოში უჩივის

სარჩელი შეტანილია საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე.

 

„ჩვენ ვითხოვთ იმ ინფორმაციის უარყოფას, რომელიც ავთანდილ ბერიძის მხრიდან იყო გაკეთებული, რომ თითქოს ჟურნალისტმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია. სარჩელი დღეს მიიღეს წარმოებაში და, შესაბამისად, მოხდება საქმის არსებითი განხილვაც,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მაია ქათამაძე, რომელიც სასამართლოში ნინო ხოზრევანიძის უფლებებს დაიცავს.

 

„ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მე არ ვყოფილვარ გამონაკლისი, ვისაც ავთანდილ ბერიძემ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი,“ – აცხადებს ნინო ხოზრევანიძე. იგი ამბობს, რომ მომხდარი ძალიან ნეგატიური ფაქტია, რადგან მის მიმართ ცილისწამებას შეიცავს.

 

„მე არ გამივრცელებია ცრუ ინფორმაცია, ამიტომ ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად. მით უმეტეს, როცა ასეთი მაღალი რანგის კანონმდებელი მაღალი აუდიტორიიდან აცხადებს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამით არა მხოლოდ მე მომადგა ზიანი, არამედ იმ მედიასაშუალებასაც, იმ სააგენტოსაც, რომელსაც მე წარმოვადგენ. სარჩელს არ შევიტანდი, ავთანდილ ბერიძეს ამ ფაქტთან დაკავშირებით შეფასება რომ გაეკეთებინა და განეცხადებინა, რომ მსგავს ბრალდებებს ჟურნალისტების მისამართით ადგილი აღარ ექნებოდა,“ –  განაცხადა ნინო ხოზრევანიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი