ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირის ელჩის თქმით, მუხთარლის საქმეზე იგივე შეკითხვები აქვთ, რაც ჟურნალისტებს

5 ივნისი, 2017 • 5130
ევროკავშირის ელჩის თქმით, მუხთარლის საქმეზე იგივე შეკითხვები აქვთ, რაც ჟურნალისტებს

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტების ჯგუფი [“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი, “ნეტგაზეთის” რედაქტორი, “ლიბერალის” რედაქტორი, სტუდია “მონიტორის” წარმომადგენელი, “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი], დღეს, 5 ივნისს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშს ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრის დროს ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებისგან მოისმინა ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც მათ ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და კონკრეტულად სამართალდამცავი სტრუქტურების  მიმართ გააჩნიათ.

ევროკავშირის ელჩის განმარტებით, ამ საკითხის შესახებ იგივე  შეკითხვები აქვს, რაც ჟურნალისტებს. ასევე, ჰერმანის განმარტებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მუხთარლის საქმის გამოძიების პროცესს. ამასთან, სხვადასხვა წყაროდან იღებს ფაქტობრივ ინფორმაციას საქართველოში ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე.

რაც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზეწოლის რაიმე კონკრეტულ მექანიზმებს, ჰერმანის განმარტებითვე, ასეთი მექანიზმები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებობს [აღნიშნული შეთანხმება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსაც ითვალისწინებს].

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით პირდაპირი კომუნიკაცია აქვს საქართველოს ხელმძღვანელ პირებთან. ასევე, ამ საქმეზე გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, ვინაიდან ჟურნალისტები ითხოვენ, ამ საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობა განახორციელოს სწორედ პარლამენტმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ევროკავშირის ელჩი ასევე დაინტერესდა იმ ფაქტებით, რომლებიც სხვა აზერბაიჯანელი და თურქი აქტივისტების საქართველოში უსაფრთხოდ ყოფნის საკითხს ეხება.

აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტები ხვალ, 6 ივნისს საქართველოში აშშ-ს ელჩს, იან კელის შეხვდებიან.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი