ახალი ამბები

მუხთარლის ოჯახის უარი საქართველოს პრემიერს მოქალაქეობის საკითხზე

3 ივნისი, 2017 •
მუხთარლის ოჯახის უარი საქართველოს პრემიერს მოქალაქეობის საკითხზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა ეხმაურება საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიმართვას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი, რომ მუხთარლის ცოლ–შვილს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა ვთქვა, რაც არ მინდა”, – განაცხადა მუსტაფაევამ, რომელიც დღეს პოლიციაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ ცხოვრების უფლება მოითხოვა საქართველოში. მაშინ უპასუხეს, რომ სახიფათო საქმეებით იყო დაკავებული და უარი განუცხადეს.

“ახლა შეიცვალა რამე? აღარ ვარ საშიში ჩემი მეუღლის დაკავების შემდეგ? დიდი თხოვნა მაქვს, რომ ჟურნალისტის გატაცების ამბიდან შოუს ნუ დადგამენ, უმჯობესია, სამართალდამცავებმა საქმე სათანადოდ გამოიძიონ,“ – განაცხადა მუსტაფაევამ.

აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა თბილისიდან და 30 მაისს აღმოჩნდა ბაქოში დაკავებული.

მუხთარლიმ პირადად უამბო ადვოკატს, რომ ის თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს, როდესაც კაფედან შინ ბრუნდებოდა. ადვოკატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამტაცებლები ოპელის მარკის ავტომანქანით იყვნენ, ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები და საუბრობდნენ ქართულად. შემდეგ ის უკვე გადაეცა აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს და დააპატიმრეს სამი ბრალდებით, მათ შორისაა, საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდის გადატანა (აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, მუხთარლის გადაჰქონდა 10 ათასი ევრო ნაღდი ფული) და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს აპროტესტებენ ჟურნალისტები საქართველოში. მათ პროტესტს უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ოპოზიცია ითხოვს ძალოვანი მინისტრებისა და მთავრობის პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. კრიტიკული შეფასებით გამოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც საჯაროდ იკითხა, თუ როგორ ხდება, რომ A პუნქტში ქრება ადამიანი B პუნქტში ჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი