ახალი ამბები

ქარჩავა: ვრჩები საპატრიარქოს იურისტად და შემდეგში გავითვალისწინებ შენიშვნებს

2 ივნისი, 2017 • 3119
ქარჩავა: ვრჩები საპატრიარქოს იურისტად და შემდეგში გავითვალისწინებ შენიშვნებს

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის რჩება საპატრიარქოს იურისტად და შემდგომში აუცილებლად გაითვალისწინებს მათ შენიშვნებს.  მისი დღევანდელი საგანგებო განცხადება სულ ეს იყო.

ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტების კითხვებს აღარ უპასუხა და მათ გიორგი გაბუნიას გადაცემის ნახვა ურჩია.

“საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ. მე ჩემი სათქმელი გითხარით და გიმეორებთ, ვაგრძელებ მუშაობას საქართველს საპატრიარქოში. მე ყველა შეკითხვაზე პასუხი გავეცი. შეგიძლიათ იხილოთ ბატონი გიორგი გაბუნიას გადაცემა. პროკურატურასაც გავეცი პასუხი. ჩვეულებრივად ვაგრძელებ ჩემს მოვალეობას საპატრიარქოში,” – ამბობს ქარჩავა.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და პირადი ინიციატივით ასეთი ქმედება არასწორია.


მართლმადიდებელი ეკლესიის იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, 23 მაისს” განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრება სურდა. როგორც ქარჩავა ამბობს, ესპანეთში გახსნილი კომპანიის მეშვეობით უკანონო 50 მილიონი ევროს ოდენობის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო, ხოლო ტრანზაქციის “თავმჯდომარე” იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე. საპატრიარქოს იურისტის თქმით, ეს უნდა გაკეთებულიყო ეკლესიის გამოყენებით, რაც დააზარალებდა როგორ საპატრიარქოს, ისე სახელმწიფოს. მისი განცხადებით, არსებობს ხელშეკრულება, რომელზეც ხელს აწერს მამალაძე. ქარჩავა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები საპატრიარქოში აღმოჩნდა, ეს დოკუმენტი მას ხელთ არ გააჩნია, მაგრამ აქვს ერთ პიროვნებას, რომელიც საეკლესიო წრეს მიეკუთვნება.

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა დღეს უკვე იმას ამტკიცებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ილია მეორის დაღუპვის სურვილი აქვს და არსებობს შესაბამისი გეგმაც, რომლის მონაწილეებიც არიან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. მისი თქმით, ბრალდებები არ შეუთანხმებია პატრიარქთან, რადგან “მამის დასაცავად ლოცვა–კურთხევა არ სჭირდება.” თუმცა, ქარჩავა ამბობს, რომ საპატრიარქოში კულუარულად ყველამ ყველაფერი იცის.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კი ამბობს, რომ ქარჩავას მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ცილისწამებაა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი, ისევე როგორც დაკავებული დეკანოზის ადვოკატები, აცხადებენ, რომ საპატრიარქოს იურისტის ბრალდებები, თითქოს პეტრე ცაავას გიორგი მამალაძესთან და სოსო ოხანაშვილთან ერთად სურდა ილია მეორის მოკვდინება და თითქოს დაკავებული დეკანოზი 50 მილიონი ლარის გათეთრებას აპირებდა, შორენა თეთრუაშვილის მიერ დაწერილი სცენარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი