საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მის მიერ გახმიანებული ბრალდებები, თითქოს ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, ოხანაშვილთან და მამალაძესთან ერთად, პატრიარქის მოკვდინება სურდა, ილია მეორესთან არ შეუთანხმებია, რადგან “მამის დასაცავად ლოცვა–კურთხევა არ სჭირდება.”
“პატრიარქის ლოცვა–კურთხევა არ მჭირდება, როცა მე პატრიარქს ვიცავ. რა ლოცვა–კურთხევა? თქვენი მამის წინააღმდეგ რომ ვინმემ რაღაცის განხორციელება დაიწყოს, თქვენ მამას შეეკითხებით, დაგიცვათ თუ არაო? სჭირდება ამას რაიმე?” – განუცხადა ტელეკომპანია პირველს ედიშერ ქარჩავამ.
ტვ პირველის კითხვაზე, გამოხატავს თუ არა ამ ბრალდებების დროს საპატრიარქოს პოზიციას, იურისტი პასუხობს:
“დიახ, ამ შემთხვევაში მე ვამბობ ჩემს დასაბუთებულ პოზიციას. მე, ედიშერ ქარჩავა, ვაპირებ წმინდა სინოდის წინაშე საკითხის დაყენებას, რომ მეუფე პეტრე თავისი გუნდით და მხარდამჭერებით… ან საჯაროდ გამოვა მეუფე პეტრე და ბოდიშს მოიხდის, შენდობას და პატიებას სთხოვს კათოლიკოს პატრიარქს იმ თავისი დანაშაულებრივი განზრახვისათვის, რაც მას გააჩნია და რეალურად რაც მას სურს. გააბრიყვა მთელი თავისი სამეგრელოს ნაწილი და გარემოცვა – დედაოები გადაქცეულები არიან არტილერისტებად ფეისბუკზე. გაგიგიათ თქვენ, რომ სასულიერო პირები ფეისბუკზე ლანძღვა–გინებას ახორციელებდნენ? ეს ხომ უკვე სახეა ადამიანის?”
კითხვაზე, როგორ ასაბუთებს ამ ბრალდებებს, ქარჩავა პასუხობს: “აქვე გეტყვით თქვენ ექსკლუზიურად, რომ ერთ–ერთი დიდი, მაღალი იერარქი გამოვიდა და გამოძიებას სთხოვა, რომ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ არ დაწყებულიყო გამოძიება და ის არ დაეჭირათ. არის თუ არა ეს გამოძიებაში უხეში ჩარევა? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ გამოძიება იყოს ობიექტური, რატომ ითხოვ ამას და რატომ უშლი ხელს გამოძიებას?”
ტელეკომპანია პირველის კითხვაზე, იყო თუ არა მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ის, ვინც სთხოვა პროკურატურას, არ დაეწყოთ გამოძიება სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ, იურისტი პასუხობს:
“მე არ დავასახელებ, ამიტომ თვითონ თქვას. მე რასაც ვამბობ, ვამბობ მტკიცებულებებით. როცა ვთქვი, 50 მილიონის გათეთრება უნდოდა გიორგი მამალაძეს, დამაყარეს ფეისბუკიდან და ცილისმწამებელი მეძახეს, მაგრამ გამოვიდნენ და დაადასტურეს შემდეგ. მე უარესებიც ვიცი, თუ რა სკანდალურ გარიგებებში იყო ჩართული [დეკანოზი მამალაძე], ვის, რა წილი უნდა მიეღო – უარესი ვიცი. საპატრიარქომაც იცის ეს, საპატრიარქოში კულუარულად ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ, არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც გამოვა, თავის თავზე იტვირთებს ამას და იტყვის, რომ ეს გუნდი უნდა წავიდეს ეკლესიიდან.”
ქარჩავა ამტკიცებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ილია მეორის დაღუპვის სურვილი აქვს და არსებობს შესაბამისი გეგმაც, რომლის მონაწილეებიც არიან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კი ამბობს, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ცილისწამებაა. როგორც მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, მას არ უდა დაიჯეროს, რომ ამ ცილისწამებლური კამპანიის უკან ილია მეორე მოიაზრება.