ახალი ამბები

საპატრიარქო თავისი იურისტის განცხადებებს ემიჯნება

1 ივნისი, 2017 •
საპატრიარქო თავისი იურისტის განცხადებებს ემიჯნება

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და პირადი ინიციატივით ასეთი ქმედება არასწორია:

“ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული. მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი” – ვკითხულობთ განცხადებაში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ედიშერ ქარჩავას, თუმცა დღეს ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ ხვალ განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ქარჩავა ამტკიცებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ილია მეორის მოკვდინების სურვილი აქვს და არსებობს შესაბამისი გეგმაც, რომლის მონაწილეებიც არიან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე კი ამბობს, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ცილისწამებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი