ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ვარწმუნებდი აზერბაიჯანელებს, რომ საქართველოში ფული ჩაედოთ

28 თებერვალი, 2013 • • 2093
მიხეილ სააკაშვილი: ვარწმუნებდი აზერბაიჯანელებს, რომ საქართველოში ფული ჩაედოთ

მიხეილ სააკაშვილის განცახდებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაფუჭების საფრთხე არსებობს: 

 

“მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში – ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის.”

 

 

მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მიხეილ სააკაშვილი  ამნისტიით გათავისუფლებული ჩახალიანის საკითხსაც გამოეხმაურა: ” მან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით “რედისონში” მოაწყო პრესკონფერენცია და ჩემი დაპატიმრება მოითხოვა. ასევე ყველამ იცის, რომ მთელი ეს წლები იგი ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას. დავფიქრდეთ, მე ეს მეცნობა 90-იანი წლებიდან, როდის იყო ბოლოს საუბარი ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანელებზე, სომხებზე. ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. სულაც არ მიხარია, რომ ეს თემა წამოიჭრა. ჩვენ რომ ჩახალიანი არ გაგვეშვა, ამ ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო”. 

 

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგიონული კოორდინაცია მართებს:”საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი და ნამდვილად ვაპირებ შევასრულო ეს ფუნქცია, იმის მიუხედავად, ვინ რა დაბრკოლებას შემიქმნის. ჩვენი შიდა პრობლემების მიუხედავად, ბოლო 48 საათი ვარწმუნებდი აზერბაიჯანელებს, ფული ჩაედოთ საქართველოში, ვსაუბრობდი ყარსი-ახალქალაქის, იგივე თბილისი-ლონდონის რკინიგზის დასრულებაზე. ეს არ არის აბსტრაქტული პიარ -პროექტი. დაკავებული ვიყავი იმით, რომ ის გაუგებრობა, რაც წარმოიშვა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში აზერბაიჯანთან, საქართველოს სასიკეთოდ შემოგვებრუნებინა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი