საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის შედეგები დღეს, 28 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ლევან მიქელაძის ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით წარმოადგინეს.
“მართალია, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას თავმჯდომარის ხანგრძლივი შვებულება პრობლემად არ მიაჩნია, მაგრამ მაშინ, როდესაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო დისკუსია მიმდინარეობს და წლების დაგვიანებით საქართველოს მთავრობამ პირველად შექმნა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის დამხმარე საბჭო, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ კომისიის მოხელეები, არამედ თავად კომისიის თავმჯდომარე,”- წერია ანგარიშში.
კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი ისევ დგას, რაც საფრთხეს უქმნის როგორც კომისიის მიუკერძოებელ და ეფექტურ საქმიანობას, ასევე ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარებას.
“ჩვენს წინა ანგარიშში საუბარი გვქონდა იმ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელიც ირაკლი ჩიქოვანს აქვს თავის შესასარულებელ ფუნქციასთან დაკავშირებით. ის “რუსთავი 2”-ის ყოფილ დირექტორ გიორგი გეგეშეიძესთან ერთად არის სარეკლამო სააგენტო “მაგი სტილი მედიას” თანამფლობელი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დიდი ხნის განმავლობაში შეუნჩნეველი რჩებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები სარეკლამო ჭრილისთვის დადგენილი ინტერვალების შესახებ, რითაც რეაგირების გარეშე რჩებოდა ნაციონალური მაუწყებლის მიერ, როგორიცაა ტელეკომპანია “რუსთავი 2” და “ტელეიმედი”, კანონმდებლობის მოთხოვნების უგულებელყოფა. ამავდროულად, სარეკლამო სააგენტო “მაგი სტილი მედია” წლების განმავლობაში ორივე მაუწყებელთან თანამშრომლობდა,” – წერია ანგარიშში.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გეგმავს წერილობით გასცეს პასუხი კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის შესახებ იმ ბრალდებებზე, რომელიც მონიტორინგის ფაგრლებში დღეს, 28 თებერვალს გამოქვეყნდა.
შეხვედრაზე, სადარომელზეც აღნიშნული საკითხის პრეზენტაცია გაიმართა, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი, ხატია ყურაშვილიც იმყოფებოდა.
“ჩვენ წინასწარ არ გვქონდა საშუალება გავცნობოდით დოკუმენტს. გავეცნობით, შევისწავლით და ოფიციალურ პასუხს ვებ-გვერდზე გამოვაქვეყნებთ,”- განაცხადა მან.
ყურაშვილის განცხადებითვე, ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე ძალიან ბევრჯერ ყოფილა საუბარი, თუმცა 2009 წელს, როდესაც ჩიქოვანი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა, ხატია ყურაშვილის თქმით, ინტერესთა კონფლიქტად არ მიიჩნეოდა”მაგი სტილი მედიაში” მისი წილი.
მონიტორინგის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს კომისიის დაკომპლექტების მექანიზმს, რომელიც დაიცავს მარეგულირებელ ორგანოს პოლიტიკური ძალების გავლენისგან, ასევე სამოქალაქო სექტორის ეფექტურ კონტროლსა და ჩართულობას კომისიის საქმიანობაში.
“კანონმდებელი მკაფიოდ არ განსაზღვრავს, თუ რამდენად უფლებამოსილია კომისია, აკონტროლოს სატრანზიტო მაუწყებლების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.
მონიტორნგის ფარგლებში რეკომენდაციებიც მომზადდა, რომლის ადრესატები საქართველოს პარლამენტი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა. ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს კომისიის დაკომპლექტების იმგვარი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკური სუბიექტების გავლენას კომისიის საქმიანობაზე.
კიდევ ერთი რეკომენდაციის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სხდომის პირდაპირი ტრანსლირება თავისი ვებ-გვერდის მეშვეობით უზნდა უნზრუნველყოს და აგრეთვე, შექმნას კომისიის ხდომის ვიდეო ან აუდიო არქივი.