ახალი ამბებირეკლამაფოტო

კითხვა იწყება კითხვის დასმიდან – „წიგნიერის“ გამარჯვებულები

30 მაისი, 2017 •
კითხვა იწყება კითხვის დასმიდან – „წიგნიერის“ გამარჯვებულები

სამი წლის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის საბავშვო ოთახში „წიგნიერის“ იდეა გაჩნდა. ელენე თურქაძემ გადაწყვიტა, სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კითხვის და წერის მარათონში ჩაერთო. მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის წახალისება და აზროვნების განვითარება იყო.  

ესეების წლევანდელ კონკურსში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის წესები ასეთია: მოსწავლეები ეცნობიან წინასწარ შერჩეულ სამ წიგნს, შემდეგ კი კონკურსზე მისულები ესეს წერენ. ესეის თემას წერის დაწყების წინ იგებენ.

 

წიგნები საინტერესო და მრავალფეროვანია, თემებიც განსხვავებული – პიროვნება საზოგადოების პირისპირ; განსხვავებულობა; შიში და ძალაუფლება. ეს უკანასკნელი წლევანდელი ესეის თემა იყო. მოსწავლეებს წასაკითხად სამი წიგნი ჰქონდათ: მარიო ვარგას ლიოსას – „ვაცის ნადიმი“ , ჯორჯ ორუელის – „ცხოველების ფერმა“, ლევან ბოლქვაძის – „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“.

ესეების კონკურსი „თიბისი ბანკის” მხარდაჭერით ჩატარდა. გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები სწორედ თიბისი ბანკმა და  ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ გადასცეს.

ალბათ სიმბოლურია, რომ წიგნების ფესტივალის მეორე დღეს, უამრავი მკითხველის გარემოცვაში, რომლებიც წიგნებს დასტრიალებდნენ და საყვარელ ავტორებს ეძებდნენ, „წიგნიერის“ გამარჯვებულები დასახელდა. საუკეთესო ესეს ავტორი და  პირველი ადგილის მფლობელი ქეთი შალოტაშვილი გახდა. მეორე ადგილი – სალომე ჩავლეიშვილს, ხოლო მესამე –  სოფო ქურდაძეს ერგო.

[blue_box]ქეთი[/blue_box]

ქეთი

ქეთი

„ხშირ შემთხვევაში ისეთი წყობილების ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოებასა და პიროვნებაზე სრულ გაბატონებას ითვალისწინებს, ცრუ დაპირებებითა და თავისუფლების ილუზიებით იწყება. ამგვარად ხდება ხალხის თვალების ახვევა და დამონება. წარსულის კრიტიკული ანალიზის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანის გული ხშირ შემთხვევაში ტყუვდება ცრუ ილუზიებით და უკეთესის მოლოდინში ვერ აცნობიერებს, რომ უარესს უხსნის კარს. ასე იწყება ლიდერებისთვის ძალაუფლების მოსაპოვებელი გზის პირველი საფეხურები…“

ესაა ამონარიდი საუკეთესო ესედან, რომლის ავტორიც ქეთი შალუტაშვილია – „წიგნიერის“ პირველი ადგილის მფლობელი.

ქეთი მე-11 კლასელია. რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლიდან.

მძაფრი შთაბეჭდილებები, რომელსაც მასზე წიგნები ტოვებენ, კონკურსში მონაწილეობის საბაბად იქცა. არც შემცდარა. სამივე წიგნი მისთვის აღმოჩენა იყო. გაახსენდა ადრე წაკითხული ამბები, განსხვავებული ისტორიებით, თუმცა მსგავსი განცდებით. ესეშიც მოიყვანა მაგალითი ჭაბუა ამირეჯიბის „გორა მბორგალიდან“, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი, საბჭოთა ჩინელი პატიმარი – ჩანძოლინი ამბობს: „ლიდერისთვის საკუთარი განდიდების მანია ძალზედ საჭიროა, რადგან ის ეჭვმიუტანლად გარწმუნებს შენი შესაძლებლობების უსაზღვრობაში“.

კითხვაში ახალბედა ვარო – ეცინება. სულ წელიწადნახევარია, რაც აქტიური კითხვა დაიწყო. გარშემო ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომელთაც კითხვა ძალიან უყვარდათ, მასაც უნდოდა უფრო მეტი სალაპარაკო თემა ჰქონოდა მათთან. ასე დაიწყო კითხვა.  ერთი, მეორე, მესამე, ბოლოს ვეღარ მოწყდა.

თავიდან რთულ ამოცანას შევეჭიდე და პირველად „ჰამლეტი“ წავიკითხეო. როცა მივხვდი, რომ ვერაფერიც გავიგე, მერე ასაკთან შესაბამის წიგნებს ვირჩევდიო. ამბობს, რომ კითხვა მაინც „ჰარი პოტერმა“ შეაყვარა.   

რაღაც პერიოდი ფანტასტიკას კითხულობდა, ახლა რომანები მოსწონს.  

წერაც ცოტა ხნის წინ დაიწყო. გასულ ზაფხულს მოთხრობა დაწერა – „დღეს ვარსკვლავები ჩვენ აღარ გვწყალობენ“. იმის თქმა სურდა, რომ ადამიანები არასოდეს უნდა დანებდნენ ცხოვრებას. ოცნებების სამყაროში არ უნდა გადავეშვათო, აბობს.  

ქეთის იურისტობა უნდა.  წერა-კითხვას თავს არასდროს არ დავანებებებო, ამბობს.

[blue_box]სოფო[/blue_box]

სოფო ქურდაძე

სოფო ქურდაძე

„ადამიანი შიშების ნაკრებია. არავინ იცის, როდის იმარჯვებს ესა თუ ის შიში. გამარჯვება კი ამ შემთხვევაში დამარცხებაა – დამარცხებაა ადამიანის…

…საზოგადოებაში იბადება ლიდერი, წინამძღოლი, ხელისუფალი… ბრბოში იბადება დიქტატორი. სახელმწიფო იღებს იმას, რასაც იმსახურებს.“

ეს არის ნაწყვეტები სოფო ქურდაძის ესედან, რომელიც „წიგნიერისთვის“ დაიწერა. სოფო რუსთავიდანაა. მე-11 კლასელი. კონკურსში მონაწილეობა შარშანაც მიიღო. წელს მისი ესე საუკეთესო სამეულში მოხვდა. კონკურსში მონაწილეობა დედამ ურჩია. სამივე წიგნი ინტერესით წაიკითხა. ყველაზე მეტად „ვაცის ნადიმი“ მოეწონა. ისტორიული, ნამდვილი და რეალური პიროვნების შესახებ მოყოლილი ამბავიაო.

ამბობს, რომ შიშსა და ძალაუფლებაზე მანამდეც უფიქრია. მისი აზრით, იმ გარემოსა და ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ, ხშირად ვხედავთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნიშნებს, იქნება ეს ქალაქი, სკოლა თუ სხვა.  

ბევრს კითხულობს. უფრო მხატვრულ ლიტერატურას. სულ ახლახან დაასრულა გურამ გეგეშიძის მოთხრობის „შურისძიების“ კითხვა. უმეტესად ქართველ ავტორებს ეცნობა.  ფიქრობს, რომ მხატვრული ლიტერატურა ადამიანს განათლების მიღების გარდა, პიროვნულ განვითარებაშიც ეხმარება.

ფიქრობს, რომ ადამიანი კითხვას მაშინ იწყებს, როდესაც პირველად უჩნდება შეკითხვა და ინტერესდება – „რატომ“.

„მე და დედას ხშირად გვიწევდა სხვადასხვა თემაზე საუბარი. მივხვდი, რომ დედაჩემს ძალიან ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული, მაგალითები მოჰყავდა სხვადასხვა წიგნიდან. რა თქმა უნდა, ეს იყო ბიძგი დავინტერესებულიყავი და კითხვა დამეწყო“, – ამბობს სოფო.

[blue_box]სალომე[/blue_box]

სალომე

სალომე

600-გვერდიანი „ვაცის ნადიმი“  დღენახევარში წაიკითხა. კონკურსის შესახებ სამი დღით ადრე გაიგო, მაგრამ ოზურგეთში წიგნი ვერ იპოვა. არც ბიბლიოთეკაში იყო, არც არავის ჰქონდა. ბოლოს ისევ თბილისში იშოვა. მის ქალაქში არც „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ იყო. მეფე ჩიგიდის „საქმეებიც“ ინტერნეტით, სხვადასხვა ვებგვერდზე ამოიკითხა.

სალომე მე-10 კლასელია. ოზურგეთში ცხოვრობს.

მისი აზრით, ძალაუფლება ყოველთვის ცუდი არ არის, – გააჩნია რა მიზნები გაქვს.  მაინც ფიქრობს, რომ ტრუხილიო „კარგი დიქტატორი“ იყო. ავტორიტარიზმს არ ამართლებს, მაგრამ ტრუხილიოს ვერ უკარგავს დომინიკის რესპუბლიკის „თავიდან აშენებას“. როცა ძალაუფლება ქვეყნის აღმშენებლობას და ხალხის კეთილდღეობას ემსახურება, მაშინ კარგიაო, ამბობს.

სალომე  ფსიქოლოგიითაა გატაცებული. მხატვრული ლიტერატურა არც მაინცდამაინცო. თვითონაც წერს. ძირითადად, ადამიანებზე, ფსიქოლოგიაზე, ურთიერთობებზე, სოციუმზე. იხსენებს, რომ სწორედ ამ თემებს ეხმიანებოდა მის მიერ ბოლოს დაწერილი წერილი სათაურით – „დრო, სიკვდილი, ადამიანი“.

გამარჯვებულების გარდა საჩუქრად წიგნები კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლემ მიიღო.

როგორც დაჯილდოებისას ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც მოსწავლეების ლიტერატურულ აზროვნებასა და წიგნიერებას წაადგება.

„წიგნიერის“ გამარჯვებულები, მაისი, 2017, თბილისი, საქართველო. ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

„წიგნიერის“ გამარჯვებულები, მაისი, 2017, თბილისი, საქართველო. ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი