პროფკავშირების გაერთიანების მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი პოლიტკოვსკაიას ქუჩის #57-ში სამშენებლო ობიექტის დათვალიერების შემდეგ აცხადებს, რომ ტერიტორიაზე სამშენებლო უსაფრთხოების რეგლამენტი დარღვეულია. ის სამშენებლო ლიფტი კი, საიდანაც დღეს დილით 33 წლის გოგი ხვიდანი გადმოვარდა, კუსტარულადაა დამზადებული. ხვიდანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს ამ სამშენებლო ობიექტზე მუშის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
კაკაშვილის თქმით, სამშენებლო ლიფტის კალათა, რომელსაც ფასადზე ჩასატარებელი სამუშაოებისათვის იყენებენ, მტკიცე მასალით უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული. მოაჯირის სიმაღლე სულ მცირე 50 სმ. მაინც უნდა იყოს, რაც ზემოხსენებულ კალათას არ ჰქონდა. ტექნიკური ინსპექტორი ამბობს, რომ ხვიდანი, სავარაუდოდ, ამიტომ გადმოვარდა ლიფტიდან. კალათა მე-9 სართულის სიმაღლეზე იყო დაკიდებული. მუშა გადმოვარდნის შემდეგ ადგილზე გარდაიცვალა.
“დარღვეულია სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესები და ტექნიკური რეგლამენტი. ჩვენ რაც დავათვალიერეთ, იქ ერთი შეხედვით ჩანს, რომ სამშენებლო ლიფტი არ შეესაბამება სტანდარტებს, არის გაუმართავი და კუსტარულად დამზადებული. დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს, მაგრამ ჩვენი დათვალიერებით იკვეთება, რომ ეს, სავარაუდოდ, გამოიწვია კუსტარულმა ლიფტმა,” – ამბობს კაკაშვილი.
გასულ წელს პოლიტკოვსკაის #57-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე 26 წლის თემურ გურგენაშვილიც დაიღუპა. შსს-ში გამოძიების შედეგებზე კითხვებს არ პასუხობენ. როგორც კაკაშვილი ამბობს, გარდაცვალების მიზეზი ამ შემთხვევაშიც დროებითი მოაჯირის არქონის გამო სიმაღლიდან გადმოვარდნა გახდა.
“მაშინ ის სართული, საიდანაც გადმოვარდა, ის ადამიანი არ იყო შემოფარგლული, არ ჰქონდა მას დროებითი მოაჯირი. ეს შემთხვევა არის თითქმის ანალოგიური. დროებითი შემოფარგვლის, კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა სამშენებლო ობიექტებზე, უმეტეს შემთხვევაში იწვევს სწორედ ამ უბედურ შემთხვევებს,” – აცხადებს კაკაშვილი.
პროფკავშირების წარმომადგენელები ამბობენ, რომ აუციებელია შენობის სართულებზე დროებითი მოაჯირების მოწყობა, რომელთა სიმაღლე 90 სმ-მდე უნდა იყოს.
დღეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
მშენებლობას კომპანია “სოლო დეველოპმენტი” აწარმოებს. მისი ხელმძღვანელი გიორგი აფციაური დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა.