გადაცემაში “ბავშვების დრო” გასული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაზე, სადაც მშობლის მტკიცებით, “ბავშვის ონანიზმია” ასახული, შსს-მ გამოძიება პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით დაიწყო.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას, გავრცელებას ან რეკლამირებას, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობას ანდა მის შენახვას გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.
ამ დანაშაულის გამო პირი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ, რომელმაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, განაცხადა, რომ ხვალ, 30 მაისს, 11 საათზე გამოკითხვაზეა დაბარებული.
გადაცემაში “ბავშვების დრო”, რომელიც ფეისბუკის საშუალებით ვრცელდება, 24 მაისს გავიდა “ონანიზმი ბავშვებში”. გადაცემაში ნაჩვენები იყო დედის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც მშობელი საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს კადრები შვილს გადაუღო.
ვიდეოკადრებზე დაფარული იყო მშობლის და ბავშვის სახე. სახალხო დამცველმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმააღნიშნული გადაცემა უარყოფითად შეაფასეს.
“ნეტგაზეთის” რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ამ თემაზე გადაცემის მომზადებისთვის არ იყო აუცილებელი ასეთი კადრების გავრცელება, რადგან ეს ბავშვის უფლებების შელახვა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევაა.