ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების გამო თოქშოუში, რომელიც “ბავშვების ონანიზმს” ეხება, ბავშვის უფლებები დაირღვა, აცხადებენ უფლებადამცველები.
არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” გადაცემის, სახელწოდებით “ბავშვების დრო”, შესახებ ინფორმაცია გააგზავნა მთავარ პროკურატურაში, ხოლო დედის თაობაზე- სოციალური მომსახურების სააგენტოში.
გადაცემა “ბავშვების დრო” სოციალური ქსელების, “ფეისბუკისა” და “იუთუბის” საშუალებით ვრცელდება. დღევანდელი, 24 მაისის გადაცემა “ბავშვების ონანიზმს” ეხებოდა.
გადაცემაში წინასწარ დააანონსეს, რომ მაყურებელს უჩვენებდნენ მშობლის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი, სავარაუდოდ, მასტურბირებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორ ნატა ძველიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოკადრების გამოქვეყნება არსებითად არაფერს სძენდა თოქშოუს და მის გარეშეც შეიძლებოდა გადაცემის მომზადება.
ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემთხვევაში, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მშობლისა და ჟურნალისტის მიმართ.
“დედის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, სადაც, როგორც დედა ამბობს, ბავშვი, სავარაუდოდ, ონანიზმით არის დაკავებული, დედის თანხმობით მოხვდა ჩვენს გადაცემაში. სულ მალე ჩვენს გადაცემაში ნახეთ დედა, რომელიც საკუთარი შვილის ისტორიას მოგიყვებათ”, – ამ ტექსტით დააანონსა გადაცემა “ბავშვების დრო” ფეისბუკ გვერდმა გუშინ, 23 მაისს.
ანონსს კრიტიკული რეაქციები მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან. ისინი ბავშვის უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ. ამის მიუხედავად, გადაცემის ნაწყვეტები მაინც დადეს, სადაც მშობლისა და ბავშვის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, გადაცემა ავტორების განცხადებასთან ერთად დღეს გამოქვეყნდა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ გვესმის, რომ მსგავს თემებზე საუბარიც კი ჯერ კიდევ უარყოფითად აღიქმება. ჩვენმა მაყურებელმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ გავრცელდებოდა ბავშვის ინტიმური დეტალები, რაც არღვევს ბავშვის უფლებებს. ბუნებრივია, ეს ჩვენი სურვილი არ ყოფილა და არც დედის გადაღებულ ვიდეომასალაში ყოფილა მსგავსი რამ”, – წერია განცხადებაში.
გადაცემაში სასაუბროდ მოწვეულია ბავშვთა ნევროლოგ-ფსიქოლოგი მედეა ზირაქაშვილი. ასევე, მშობელი, სადაც მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია. ასევ ჩანს კადრები, რომლებიც გადაცემის ავტორების ცნობით, მშობელმა გადაიღო და ბავშვის მასტურბაციას აღწერს.
ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით თოქშოუს წამყვანს, ნინი ობგაიძეს, თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბარი ვერ შეძლო, რადგან გლანდების ოპერაცია აქვს გაკეთებული.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ვერ დაინახა აუცილებლობა, რის გამოც ბავშვის ამსახველი ვიდეო უნდა გამოქვეყნებულიყო, რადგან მის გარეშეც შეიძლებოდა ამ საკითხის შესახებ საუბარი.
ძველიშვილის თქმით, ეს კადრები პირადი ცხოვრების ამსახველია და გაუმართლებელია მისი გავრცელება.
“რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი? ჟურნალისტი საკუთარ მასალაში სწორედ აქედან გამომდინარე უნდა აგებდეს მასალას. მე გულწრფელად მჯერა, რომ ბავშვის ინტერესი არ არის ამ ვიდეოს გავრცელება”, – ამბობს ნატა ძევლიშვილი.
ძველიშვილის თქმით, ამ კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მშობელთან ერთად ჟურნალისტსაც ეკისრება.
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ანა აბაშიძე ამბობს, რომ ამ კადრების გასაჯაროება არანაირ მიზანს არ ემსახურება. მისი თქმით, აქ იკვეთება მშობლის და იმ ადამიანების პასუხიმგებლობა, რომლებმაც მოამზადეს ეს გადაცემა.
ანა აბაშიძის თქმით, ეს კადრები ისეა გადაღებული და გამოქვეყნებული, რომ ამაზე თანხმობას ვერ გასცემდა არასრულწლოვანი და თუნდაც ინფორმირებული ყოფილიყო, არანაირ მიზანს არ ემსახურება.
იგი განმარტავს, რომ გადაცემა დიდი ალბათობით დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს, იმის მიუხედავად, დაფარული იქნება თუ არა სახე. ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალურ მონაცემების ხელყოფა.
“ჩვენ შეიძლება ბავშვის ადგილას ზრდასრული, უფროსი ადამიანი ჩავანაცვლოთ და ზრდასრულებისთვის უფრო მარტივი იქნება წარმოდგენა იმისა, რა ამორალურ, უხეშ დარღვევებთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ჟურნალისტს, მრავალგზის ახსნის მიუხედავად, არ ესმის, რა პრობლემაა ამ ფორმით ინფორმაციის გამჟღავნება”, – ამბობს ანა აბაშიძე.
იურისტი ამბობს, რომ ასევე დგება მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი. ამისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ, როგორც ბავშვის ზრუნვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, სასამართლოს უნდა მიმართოს, რომ მშობელს ნაწილობრივ ან სრულად ჩამოერთვას უფლება.
“მშობელი მოქმედებს ბავშვის ინტერესის საზიანოდ. მშობელს თუ ეჭვი ეპარება და დახმარებას ითხოვს, მან პირველ რიგში საკითხის პროფესიონალებს უნდა მიაკითხოს და ითხოვოს კონსულტაცია და დახმარება”, – ამბობს ანა აბაშიძე.
გადაცემას გამოეხმაურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. მისი განცხადებით, დაუშვებელია ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, როდესაც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას.
“ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ბავშვსაც აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება”, – აცხადებს ინსპექტორის აპარატი.
ინსპექტორის აპარატის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის მედიასაშუალება, უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მშობლის თანხმობა.
სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია გედევანიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კადრებზე იდენტიფიცირება ვერ ხდება, არსებობს რისკი, ამოიცნონ პიროვნება.
“ბედი ჩვენი, რომ 12 წლის ბავშვი არაა გადაღებული, თორემ ბულინგისთვის იქნებოდა საუკეთესო სტიმული. მაგრამ პატარებში ეს არ მოხდება”, – ამბობს მაია გედევანიშვილი.
გედევანიშვილი ვერ ხედავს, რა ამოცანას ემსახურება ამ რგოლის განთავსება გადაცემაში. იგი ამბობს, რომ შეიძლება სამეცნიერო, შემეცნებითი ხასიათის გადაცემა მომზადდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან კომპეტენტურად.
“ეს არის უაღრესად ინტიმური სფერო. არ მგონია, რომ გადაცემაში ამ ვიდეორგოლის შეტანა პროფესიონალის გადაწყვეტილებაა… მაინც ეს არის ბავშვის ღირსების შემლახავი”, – ამბობს მაია გედევანიშვილი.
მაია გედევანიშვილი ამბობს, რომ იკვეთება ჟურნალისტის და მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი. მისი თქმით, სახალხო დამცველის ბერკეტი განცხადებისა და რეკომენდაციის გაცემაა, რომ შესაბამისმა უწყებებმა იფიქრონ მშობლების განათლებაზე, ზოგადად, ბავშვის განვითარების სფეროში. ასევე, საჭიროა საბავშვო ბაღების აღმზრდელების განათლების საკითხზე მუშაობა.