დღეს, 29 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. 11 მაისს ამავე სასამართლოში იუსტიციის საბჭომ ჩინჩალაძე უვადოდ დანიშნა.
მას მხარი 12- მა წევრმა დაუჭირა. თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძე წარადგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, შოთა გეწაძემ.
კენჭისყრამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩინჩალაძეს გაესაუბრა, თუმცა კრიტიკული კითხვები საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა დაუსვა.
ჩინჩალაძის თქმით ვერც ერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ მათზე ზეწოლა მოახდინა. მისივე თქმით, აბრალებდნენ, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდა, რაც აბსურდია.
ჩინჩალაძეს ამ პოსტზე კონკურენტი არ ჰყავდა. საბჭოს ორმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა და გოჩა მამულაშვილმა სურვილი გამოთქვეს, რომ სხვა კანდიდატებიც დაესახელებინათ, თუმცა უარი განუცხადეს იმ მოსამართლეებმა, ვისაც დაუკავშირდნენ, რათა მათთვის შეეთანხმებინათ კენჭისყრზე დაყენების საკითხი.
2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.
ჩინჩალაძის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მონაცემებით, მიხეილ ჩინჩალაძეს ათწლიანი სამოსამართლეო საქმიანობის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული მხოლოდ 250 საქმის განხილვაში, რაც 10 წლის მანძილზე შეადგენს თვეში დაახლოებით ორ საქმეს. 2014 წელს მან განიხილა 2 კერძო საჩივარი, 2015 წელს- 1 კერძო საჩივარი, ხოლო 2017 წელს- 17 საკასაციო საჩივარი, 1 კერძო საჩივარი და 2 გასჯადობის საქმე.
“მიგვაჩნია რომ მოსამართლე, რომელიც არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას, საქმის განხილვას, არ იმსახურებს განმეორებით მოსამართლედ გამწესებას. ამასთან, მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართელდ გამწესების თაობაზე“, – აცხადებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა, მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იგი უვადო მოსამართლედ მაინც დანიშნა, ახლა კი- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.
დააწექით ბმულს და წაიკითხეთ ვრცლად, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშნვას.