ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი ძალოვანი-დიპლომატი აფხაზურ რეალიებში

29 მაისი, 2017 •
რუსი ძალოვანი-დიპლომატი აფხაზურ რეალიებში

რუსულ-აფხაზური შინაგან საქმეთა სტრუქტურების საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებამ აფხაზური პოლიტიკური სივრცე კვლავ ააფორიაქა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დოკუმენტზე მუშაობა არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური სკანდალის საფუძველი, სადაც აფხაზი მომლაპარაკებლების მისამართით ეროვნული ინტერესების ღალატის შესახებ ბრალდებები ისმოდა. მათ შორის ფიგურირებდნენ ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია და ყოფილი მინისტრი რაულ ლოლუა, რომელიც ამჟამად, უკვე დეპუტატის რანგში, შეთანხმების დოკუმენტს დაუსრულებელს უწოდებს. მთავარი [ჩემი აზრით, სავსებით ლოგიკური] პრეტენზია ზოგადად ამ დოკუმენტის არსებობას უკავშირდება. რატომაა საჭირო ეროვნულზე მაღლა მდგომი ორგანოს შექმნა, ვერავინ ვერ განმარტავს. მხოლოდ ისაა ნათელი, რომ რუსულ-აფხაზური საკოორდინაციო ცენტრი რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.  

ამ მთავარ პრეტენზიას კი პრაქტიკულად ვერ გაიგებთ ოფიციალური პირებისგან, მათ შორის -ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მხოლოდ იმას იმეორებენ, რომ დოკუმენტი საჭიროა [რადგან ის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს], თუმცა მოლაპარაკებების დროს რესპუბლიკის ინტერესების დაცვის საკითხში ეს ხელისუფლება უუნაროა. არსებითად, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ისიც რუსეთის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების შესახებ გამართავდა მოლაპარაკებებს.

ხელისუფლება, თავის მხრივ, ასევე ერიდება საუბარს იმის შესახებ, თუ  რა მიზეზების გამოა ეს დოკუმენტის საჭირო. ოპოზიციის პრეტენზიებზე კი კონკრეტულ პუნქტებს ასახელებს: შეთანხმების იმ პუნქტებს ჩამოთვლის ხოლმე, რომლის შერბილებაც მოლაპარაკებების დროს მოახერხეს. მაგალითად, თუ პირველად ვარიანტში რუსეთი რუსულ-აფხაზური საკოორდინაციო ცენტრიდან 400-თანამშრომლიანი მძლავრი ძალოვანი სტრუქტურის შექმნას სთავაზობდა, ამჟამინდელ ვარიანტში მხოლოდ 20 კაცი დარჩა, რომლებიც მხოლოდ საინფორმაციო მუშაობით დაკავდებიან.

აქვე არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც ეჭვის საფუძველს ქმნის. ცენტრის ათ თანამშრომელს, რომელიც რუსეთიდან იქნება დელეგირებული, დიპლომატიურ სტატუსს მიანიჭებენ. მათ ნებისმიერ აფხაზურ სახელმწიფო უწყებაში შეღწევის უფლებამოსილება ექნებათ – რა თქმა უნდა, ამ სტრუქტურების ინსტრუქციის შესაბამისად. თუმცა, როგორც ცნობილია, მათი შეცვლა [ინსტრუქციები] შესაძლებელი იქნება. ამასთან, შიდაუწყებრივი ინსტრუქციების შინაარსზე რაიმე საპარლამენტო კონტროლი გათვალისწინებული არ არის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ასლან კობახია მოინდომებს [რაულ ხაჯიმბასთან შეთანხმებით] მასზე დაქვემდებარებული შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რუსეთის სტრუქტურაზე სრულიად დამოკიდებული სტრუქტურა შექმნას, არანაირი დაბრკოლება ამ მიზნის მისაღწევად არ იარესებებს.

პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ვივარაუდო, რომ მინისტრს ეს სურს. მისი ცეცხლოვანი სიტყვაც კი, რომელიც შეეხებოდა რუსულ-აფხაზური საკოორდინაციო ცენტრის ინტერესების დაცვას, სადაც მან განმარტა, რომ მთელი აფხაზური ძალოვანი ბლოკი 2009 წლიდან რუსულ ფულზე ცხოვრობს, მსგავსი დასკვნის საფუძველს არ გვაძლევს. სრულიად შესაძლებელია, ის ვარაუდობდეს, რომ რუსულ-აფხაზური საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლები მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზით იქნებიან დაკავებული.

თუმცა ნაკლებ სარწმუნოა, რომ რუსეთი მხოლოდ ამით დაკმაყოფილდება. ინფორმაციის შესაგროვებლად საკმარისი იქნებოდა ისიც, რომ საელჩო შესაბამისი კადრებით გაეძლიერებინათ, მაგრამ მას რატომღაც დიპლომატიური სტატუსის მქონე ჩინოსანი თანამშრომლები სჭირდება.

მკითხაობას აზრი არ აქვს. უახლოეს მომავალშივე გამოჩნდება, როგორ იმუშავებს ეს შეთანხმება პრაქტიკაში. ეჭვის საფუძველი, რომ პარლამენტი დღევანდელი სახით აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს, პრინციპში, არ არსებობს.

აქ სანერვიულო სხვა რამეა. რუსულ-აფხაზური საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ ინტერნეტ-დისკუსიების მსვლელობისას მძიმე ისტორიული პარალელები გაივლო. საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ჩვენი სახლი – აფხაზეთი” თავმჯდომარემ, საიდ ლოლუამ დოკუმენტი უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა –  “საპოლიციო აპარატი სახელმწიფოს განუყოფელი ატრიბუტია. თუ ჩვენ შეგვიქმნიან დაქვემდებარებულ ეროვნულ პოლიციურ ორგანოს, რა ელის ჩვენს სახელმწიფოს? სამწუხაროდ, ჩინოვნიკების დღევანდელი ნაჯახისებრი, ზოგჯერ თავხედური პოლიტიკა ყველაფერ იმას ანადგურებს, რაც 1866 წლიდან მარცვალ-მარცვალ იყო შეკოწიწებული. კიდევ ერთ კონიარს ან იზმაილოვს ვეღარ გავუძლებთ”.

აქვე განვმარტავ, პოლკოვნიკი კონიარი და ჩინოვნიკი იზმაილოვი 1866 წლის აფხაზური ამბოხების დროს მოკლეს. ამბოხება იმპერიის ხელისუფლების მიერ მიწის რეფორმების დროს აფხაზური სპეციფიკის გაუთვალისწინებლობას მოჰყვა. ეს არ არის მუქარა, ეს არის სერიოზული და საკმაოდ მწარე სიტუაციის კონსტანტაცია. იმჟამინდელი ამბოხების გამო სასჯელი დეპორტაციის მორიგი ტალღით განისაზღვრა – რამდენიმე ათეული წლით აფხაზების საზღვრებს გარეთ განსახლებით  და “დამნაშავე მოსახლეობის” სტატუსის შემოღებით. თავისი ტლანქი მოქმედებებით კრიზისის შემქმნელმა იმპერიამ [აფხაზეთში ბატონყმობის გაუქმება იყო აბსურდი, ბატონყმობის არარსებობის გამო] გადაწყვიტა, აფხაზები მთის მებრძოლთა შეცდომისთვის დაესაჯა.

მსგავსი მოვლენების განვითარების შიში ლოგიკურია. რუსი ძალოვნები, რომლებიც ფეხით შემოანგრევენ კარს, შესაძლოა, მებრძოლი ბიჭების  მსხვერპლი გახდნენ, ამისთვის კი ყველა დაისჯება. ეს შემთხვევით მოხდება, თუ გაცემული ბრძანებით, მნიშვნელობა არ აქვს.

როდესაც აფხაზეთში რუსეთის ვიცეკონსული დმიტრი ვიშერნევი მოკლეს, აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან სერიოზული დაძაბულობა შეინიშნებოდა, ვინაიდან ნებისმიერს ესმოდა, რომ ყველაფერი მოსკოვის ხელში იყო: როგორც მოისურვებდა, ისეთი კვალიფიკაცია მიეცემოდა საქმეს [საქმე დაკვალიფიცირდა როგორც ტერორიზმი უცხო ქვეყნის კვალით].

ამჟამადაც აფხაზეთი იმ კრიზისის მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს, რომელიც მოსკოვის მხრიდან შეიძლება ნებისმიერ, მისთვის სასურველ მომენტში იყოს ინსპირირებული. ამის გააზრება კი პესიმიზმსა და აპათიაში გაგდებს.

ფოტო: sputnik-abkhazia

ფოტო: sputnik-abkhazia

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი