ახალი ამბები

პროკურატურა უგულავასთვის მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

24 თებერვალი, 2013 • 1043
პროკურატურა უგულავასთვის მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ასევე, პროკურატურის შუამდგომლობაში საუბარია იმაზე, რომ გიგი უგულავას აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიის დატოვება და დაეკისროს ვალდებულება კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ.

 

ამას გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, პროკურატურა სასამართლოში შევიდა შუამდგომლობით თავდაცვის ყოფილი მინისტრის – დავით კეზერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე.

 

გიგი უგულავას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით  (სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ) და 194–ე მუხლის მესამე ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია). სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აერთიანებს “თბილსერვის ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდებს.

 

“იმედის” საქმეში ასევე ფიგურირებს დავით კეზერაშვილი, რომელიც, საქმის მასალებით, დაუკავშირდა “იმედის” მფლობელს ჯოზეფ კეის და მოითხოვა მისგან ტელევიზიის დათმობა. კეის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით, კეზერაშვილის ეს მოთხოვნა შეთანხმებული იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან, ხოლო წილის გადაფორმების საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის მერი გიგი უგულავა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას ხვალ განიხილავს.

 

დავით კეზერაშვილს სხვა საქმეზე ერთხელ უკვე წაუყენა ბრალი პროკურატურამ ერთი თვის წინ – საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება და 1 თებერვალს მთავარ პროკურორმა განაცხადა, რომ მასზე გამოცხადდებოდა ძებნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი