“ჩვენ მოთმინებით ველით იმ დღეს, როცა ალიანსი გადაწყვეტს, გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით,” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის აზრით, ეს დღე მალე დადგება და ამ დღის შემდეგ საქართველო და ალიანსი უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი და უფრო მტკიცე იქნება:
“საქართველო პასუხისმგებლიანი მოთამაშეა. 26 წელია, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღდგა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის და გაძლიერების შემდეგ ჩვენ ყოველთვის ვიდექით ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ვიცავდით გლობალურ სტაბილურობას.”
პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო 26 წელია მიზანმიმართულად ვითარდება როგორც დემოკრატიის, ისე თავისუფალი საზოგადოების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
“ჩვენ დღესაც ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას იმისთვის, რომ არ გავამწვავოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ ერთ-ერთი სტაბილურობის შემომტანი და გარანტი.”
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს. როგორც პრეზიდენტი ამბობს: “ჩვენ გვჭირდება პლურალისტური, ევროპული პოლიტიკური პროცესის შექმნა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს და ყველას ხმა იქნება გაგონილი.
ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გამოიყვანს ქართულ საზოგადოებას სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმა და ყოვლისმომცვლელი დიალოგი ერთმანეთთან. ”
მარგველაშვილმა ქვეყნის შიდა გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა საქართველოს მოქალაქეების შეკვეთაა:
“აუცილებელია, შენარჩუნდეს იმედიის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. აუცილებელია, ჩვენ შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. ეს გამოწვევები, ბუნებრივია, არ გადაილახება ერთ დღეში, მაგრამ უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა. ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, უკვეთავს მეტ დემოკრატიას, მეტ მედიის თავისუფლებას, უფრო ხარისხიან სასამართლოს და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ყოველივე გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.