ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან ამონარიდს ავრცელებს

24 თებერვალი, 2013 • • 1257
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან ამონარიდს ავრცელებს

“2008 წლის 15-16 დეკემბერს მე ვიმყოფებოდი თბილისში, ჩემს სახლში, მდებარე ჭანტურიას #5-ში. იყო ღამის საათები, რა დროსაც ჩემს მობილური ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდა დავით კეზერაშვილი, სავარაუდოდ, მისი მობილური ტელეფონის ნომრიდან და მითხრა, რომ მივსულიყავი მასთან ოფისში. მე თარიღი იქიდან გამომდინარე დამამახსოვრდა, რომ ზუსტად ამ დროს ჩემი და, ირმა იაკუბოვა იყო ახალი ჩამოსული აშშ-დან ჩემთან სტუმრად. მე ვუთხარი, რომ დაცვა და მძღოლი მყავდა უკვე გაშვებული და დრო მჭირდებოდა, რომ გამომეძახებინა, თუმცა მან მითხრა, რომ არ იყო ამის საჭიროება და თვითონ გამომიგზავნიდა ვინმეს. მართლაც, რამდენიმე ხანში, დაახლოებით ღამის 3-ის ნახევარზე მანქანით მომაკითხა უცნობმა პიროვნებამ და წამიყვანა დავით კეზერაშვილის ოფისში. ამ დროს ჩემთან სახლში იმყოფებოდა ჩემი მეუღლე სოფიო კეი და ასევე ჩემი და ირმა იაკუბოვა. კეზერაშვილის ოფისი იმ დროს მდებარეობდა ვაკეში, მოსაშვილის ქუჩის დასაწყისში მდებარე შენობის პირველ სართულზე. როგორც ვიცი, ეს იყო მისი პირადი ოფისი. შესვლისას ოფისში დამხვდნენ ჩემთვის უცნობი 20-მდე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელი.

 

მიმაცილეს და შემიყვანეს დავით კეზერაშვილის კაბინეტში, სადაც მარტო დამხვდა ეს უკანასკნელი. მისალმების შემდეგ დავით კეზერაშვილმა კატეგორიული ტონით მითხრა, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ მე უნდა დამეთმო მათთვის “ტელეიმედი”, აქვე დაამატა, რომ ინა გუდავაძე, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე აპირებდა ჩემს წინააღმდეგ სარჩელების შეტანას სასამართლოში და მათ შორის შეეცდებოდა ტელეკომპანიის წართმევას. მე ვუპასუხე, რომ “ტელეიმედთან” დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებას ვაწარმოებდი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან. შესაბამისად, ამ საკითხზე აუცილებლად მჭირდებოდა მასთან დალაპარაკება. მე, რა თქმა უნდა, არ მინდოდა და არ ვაპირებდი “ტელეიმედის” არავისთვის დათმობას, რადგან პირველად სხვაგვარად ვიყავი შეთანხმებული. აღნიშნულზე დავით კეზერაშვილი გავიდა კაბინეტიდან, რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა და მომაწოდა ტელეფონი, რომლის ხაზზე იყო მიხეილ სააკაშვილი. მან ტელეფონში მითხრა, რომ ტელევიზია უნდა დამეთმო: ჩათვალე, რომ მე მაძლევ “ტელეიმედს”, გონივრულად თუ მოიქცევი, ჩვენი მეგობრობა ამის შემდგომაც გაგრძელდება. უბრალოდ, ტელევიზია უნდა მომცე, მე და კეზერა რასაც გეტყვი, დაუჯერე. ჩათვალე ეგ რასაც გეუბნება გეუბნები მე, და ტელეფონი გამითიშა.

 

ზუსტად მობილური ტელეფონი იყო თუ ქალაქის ტელეფონი, არ მახსოვს. ერთადერთი ის მახსოვს, რომ უსადენო აპარატი იყო. მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი რომ დავამთავრე დავით კეზერაშვილმა მითხრა, რომ ხომ ხედავ ეს მარტო ჩემი ინიციატივა არ არის, ტელევიზია აუცილებლად უნდა დაგვითმო. თუ ჭკვიანი ებრაელი ხარ და გინდა ჩვენთან მეგობრობა გააგრძელო, თუ არ დათმობ კიდევ ამ ოთახიდან ვერ გახვალ. აქვე დაამატა, რომ ჩვენ შენ არ გწირავთ. ტელევიზიაში რა ხარჯებიც გაქვს გაწეული სრულად აგინაზღაურებთო და მკითხა რა იყო ჩემი გადაწყვეტილება. 

 

ჩვენი საუბრის დროს მას ხელში ეკავა დიდი ზომის ხანჯალი და ჩვევისამებრ ხელში ატრიალებდა. ასეთი საუბრის შემდეგ მე მისი მუქარა აღვიქვი რეალურად და ვუპასუხე, რომ ფაქტიურად არ მქონდა არჩევანის საშუალება და იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი მის წინადადებას. აქვე ვუთხარი, რომ მე იმედის ტელევიზიაში მქონდა გაწეული დიდი ხარჯი და ვინაიდან მიჰქონდათ ტელევიზია, ეს ხარჯი ჩემთვის სრულად უნდა აენაზღაურებინათ. ასევე ვკითხე, თუ ვისზე უნდა გადამეფორმებინა ტელევიზია. დავით კეზერაშვილმა მიპასუხა, რომ ხარჯებზე არ მენერვიულა. მათ ყველაფერი იცოდნენ ამის შესახებ. დაითვლიდნენ და სრულად ამინაზღაურებდნენ. რაც შეეხება “ტელეიმედის” გადაფორმებას, ამ დეტალებზე ყველაფერს მეტყოდა გიორგი უგულავა. 

 

დავით კეზერაშვილთან შეხვედრიდან, სავარაუდოდ, მეორე დღესვე შევხვდი თბილისის მერს გიორგი უგულავას მის სამუშაო ოთახში. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი დამიკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე. როგორც მახსოვს, გიგი უგულავას მობილური ტელეფონის ნომრები იყო. შეხვედრა მოხდა მის სამუშაო კაბინეტში, რომელიც მდებარეობდა მერიაში, როგორც მახსოვს 20-ე, ან 21-ე სართულზე. შეხვედრაზე ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი. 

 

გიორგი უგულავამ მითხრა, რომ “ტელეიმედის “გადაფორმებისთვის საჭირო ყველა იურიდიულ დოკუმენტს გაამზადებდნენ თვითონ. ჩემგან ერთადერთი საჭირო იქნებოდა, რომ უკვე გამზადებულ დოკუმენტებზე მომეწერა ხელი. ასევე, მან განმიცხადა, რომ ისინი სრულყოფილად დაითვლიდნენ იმ დანახარჯს, რაც მე მქონდა გაწეული “ტელეიმედში” და სრულად ამინაზღაურებდნენ. ამ ოპერაციით მე დაზარალებული არ დავრჩებოდი. ამის შემდგომ, პერიოდულად მიგზავნიდნენ სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციას, რომლებსაც ზედმეტი კითხვების გარეშე ვაწერდი ხელს. ზოგადად ვიცოდი, რომ ამ ყველაფრით ხდებოდა “ტელეიმედის” სხვა პირებზე გადაცემის იურიდიულად გაფორმება, თუმცა მე დეტალებით არ დავინტერესებულვარ. ერთადერთი ის ვიცოდი გიორგი უგულავასგან, რომ ფორუმალურად მიტოვებდნენ 10% “ტელეიმედში”. 

 

2009 წლის იანვრის თვეში, მას შემდეგ, რაც მე მოვაწერე ხელი ყველა იურიდიულ დოკუმენტაციაზე და იურიდიულად გაფორმდა “ტელეიმედის” გადაცემა, მოხდა შეხვედრა ჩემს, დავით კეზერაშვილს და გიგი უგულავას შორის. ამ უკანასკნელის სამუშაო კაბინეტში, სადაც საუბარი მიმდინარეობდა ჩემს მიერ “ტელეიმედში გაწეული ოპერაციული დანახარჯების ოდენობაში და მათ მიღებაზე. შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ ტელეიმედის საქმიანობისას ჩემს მიერ საოპერაციო ხარჯებში დახარჯული იყო დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი, რაზეც გიორგი უგულავამ მიპასუხა, რომ ისინი უფრო იყვნენ ჩახედულები ტელეიმედის საქმიანობაში და ჩემი დანახარჯები ტელეიმედში შეადგენდა დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს. მათ მმზადყოფნა გამოთქვეს, რომ ჩემთვის აენაზღაურებინათ ტელეიმედში გაწეული დანახარჯი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, მე კვლავ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი და იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი მათ წინადადებას. მათ მითხრეს, რომ მიმეცა ჩემი რომელიმე კომპანიის ანგარიში, სადაც ჩარიცხავდნენ აღნიშნულ თანხას. მე ვკითხე მათ საიდან წამოვიდოდა თანხა, რადგან მაინტერესებდა ფულის წარმომავლობა, რომ პრობლემები არ მოჰყოლოდა ამ თანხის ჩემს კომპანიაში ჩარიცხვას, რაზეც მათ მიპასუხეს, რომ ეს ფული წამოვიდოდა დ. იაკობაშვილის ფირმიდან, რომელსაც მათი თქმით, ჰქონდა მათი ფული. 

 

ვინაიდან მე ვიცნობდი დ. იაკობაშვილს და ვიცოდი მისი ფინანსური შესაძლებლობების შესახებ, ეჭვი აღარ შემპარვია ფულის წარმომავლობაში და ჩემს ლონდონის ოფისის მენეჯერს ნატალია შაჩკოვას დავავალე მათთვის მიეწოდებინა დიდ ბრიტანეთში ღია კომპანიის Lakebrow Limited -ის რეკვიზიტები. კეზერაშვილმა და უგულავამ რაში გამოიყენეს ჩემი ლონდონის ოფისის მიერ მათთვის გადაცემული რეკვიზიტები არ ვიცი, თუმცა ერთი ვიცი, რომ 2009 წლის 12 თებერვალს ჩვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე გადმოირიცხა დაახლოებით 8 800 000 აშშ დოლარი. 

 

გადმორიცხული თანხის ოდენობიდან გამომდინარე, მე ვიყავი უკმაყოფილო, ვინაიდან გადმომერიცხა შეთანხმებულ 10 მილიონ აშშ დოლარზე გაცილებით ნაკლები თანხა და ჩემი უკმაყოფილების შესახებ ვუთხარი დავით კეზერაშვილს. პასუხად ეს უკანასკნელი დამპირდა, რომ არ მენერვიულა ამ საკითხზე და დარჩენილ თანხას მომცემდა, თუმცა დღემდე დარჩენილი თანხა არ აუნაზღაურებია. 

 

მართალია იურიდიულად გაფორმდა “ტელეიმედის” გასხვისება და ეს ოპერაცია დასრულდა, თუმცა ამ ფაქტის გასაჯაროება არ მომხდარა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჩემს წინააღმდეგ განაგრძობდა ჩივილს. აქედან გამომდინარე, მე გიორგი უგულავასთან საუბარში მოვითხოვე, რომ მომხდარიყო “ტელეიმედის” გასხვისების გაშუქება “ტელეიმედის” მეშვეობით. გიორგი უგულავა დამთანხმდა და სასწრაფოდ გაუკეთა ორგანიზება “ტელეიმედის” გასხვისების თემის გაშუქებას. კერძოდ, როგორც მახსოვს, 2009 წლის 25 თებერვალს მან მოიყვანა ვიღაც არაბი სახელად მარკი, რომელთან ერთად ჩვენ მოვაწყვეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, თითქოს “ტელეიმედი” შეისყიდა “რაკიინ ჯორჯიამ”, რომელიც იყო უმსხილესი არაბული კომპანია და ახორციელებდა დიდ ინვესტიციებს საქართველოში. გიორგი უგულავას მითითებით, მე მოვახდინე ამ პირის წარდგენა როგორც არაბი ინვესტორი და “ტელეიმედის” მყიდველი. რეალურად კიდევ ამ ყველაფრით მოხდა იმის მიჩქმალვა, რომ “ტელეიმედს” იურიდიულადაც დაეუფლნენ ზემოხსენებული თანამდებობის პირები”. – აღნიშნულია ჯოზეფ ქეის ჩვენების ამონარიდში. 

 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალის ერთ–ერთი ეპიზოდი ტელეკომპანია “იმედს” უკავშირდება.  

 

“მას ბრალი წარედგინასისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ეს არის სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ, ტელეკომპანია “იმედზე” ერთი ეპიზოდი, ხოლო იგივე მუხლები “თბილსერვისის” ეპიზოდში, ტვალისწინებს 7–11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მას ასევე წარედგინა 194–ე მუხლის მესამე ნაწილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც ითვალისწინებს 9–12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,  მოხდა მისი დაკითხვა, მან გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გადმოგვეცა დაახლოებით 50 ტომი გასაცნობად” –განაცხადა გაბაიძემ, უგულავას ადვოკატმა. 

 

უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი