ახალი ამბები

უგულავა: საზოგადოებით მანიპულირება არის გზა, რომელიც ამ მთავრობას ჯოჯოხეთამდე მიიყვანს

23 თებერვალი, 2013 • • 1187
უგულავა: საზოგადოებით მანიპულირება არის გზა, რომელიც ამ მთავრობას ჯოჯოხეთამდე მიიყვანს

“ბრალდება ვერ გაიგე, ერთი ვიცი, რომ წამოვიღე ერთი მანქანა ფურცლები, რომელსაც გავეცნობი, გაგაცნობთ, ვნახავთ, რაში გვედავებიან.  მე მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის, უფრო მნიშვნელოვანი თქვენი თანადგომაა, ვიდრე ის ბრალდებები, რომლებიც გაქარწყლდება და გაქრება. მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი თითოეული შეურაცხყოფილი ადამიანი, რომლებიც მართლაც ვაგონებით დაყავდათ აქ, თავისუფალი სასამართლოს წინაშე წარსდგება.  ამიტომ იყავით ყველანი მხნედ, ვიყოთ ყველა ერთად მხნედ, გავამხნეოთ ერთმანეთი, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის,  არ შედრკეთ, ვაპატიოთ ყველა იას ვინც შეიძლება ამ გზაში გამოგვაკლდეს, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ბოლოში ჩვენ ყველანი ერთად გავერთიანდებით.  რაც შეეხება იმ შოუს, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი,  მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა საჯაროდ, სასამართლოზე, ყველას დასანახად, ყველას გასაგონად შევეცადოთ ჩამოვირეცხოთ ის ჩირქი, რომელსაც დღეს მთავრობა ასე უხვად გვირიგებს. სამწუხაროდ, ეს ჩამოყალიბდა მათი ურთიერთობის ენად, ჩამოყალიბდა მათი საზოგადოებასთან და მათთან შეუგუებელ ადამიანებთან ურთიერთობის ფორმად და ჩვენი პასუხი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება, სიყვარული და თანმიმდევრული ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა  უალტერნატივოა. 

 

მენდეთ მეგობრებო, არ არსებობს სიმართლე, რომელიც გაიზომება სიმრავლით, სიმართლე გაიზომება მხოლოდ ერთი საზომით და მას ზომავს ისევ და ისევ სიმართლე. უმრავლესობა, ხალხის აზრით მანიპულირება, საზოგადოებით მანიპულირება არის ის მოკლე გზა, რომელიც ამ მთავრობას მიიყვანს ჯოჯოხეთამდე. მე მათ ამას არ ვუსურვებ, ნამდვილად არ ვუსურვებ იმიტომ, რომ მე მიყვარს ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენნაირად შეიძლება არ აზროვნებს, მაგრამ აქვს პატივისცემა განსხვავებული აზრის, მაგრამ ვერასდროს ვერ დავუთმობ და არ დავუთმობ იმ ადამიანს, ვისაც სურს განსხვავებული, განსხვავებულად მოაზრონე ადამიანი გაანადგუროს.  ჩვენ აქამდე ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განადგურების მოწოდებებს.  ამას ქართველი ხალხი არასდროს არ ეგუებოდა და არ შეეგუება.  ჯობია, წარსულ გამოცდილებაზე, მათ შორის წარსულ შეცდომაზე ისწავლოს მან, ვინც დღეს მართავს ქვეყანას, სხვა შემთხვევაში ის შეცდომა, რომელსაც ის დაუშვებს, იქნება გაცილებით უფრო მტკივნეული. 

 

მე არ დავეძებ მათ ტკივილს, მაგრამ დავეძებ ხალხის ტკივილს იმიტომ, რომ ეს იქნება ხალხისთვის მტკივნეული, ჯობია დროზე გადავდოთ ეს ტაკიმასხარაობა გვერდზე და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, მივხედოთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ადამიანებს, ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად მე ვარ მზად და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ უკან, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მეგობრობო”– განაცხადა  გიგი უგულავამ. 

 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა დღეს 23 თებერვალს, 2 საათზე დაბარებული იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რათა მისთვის ბრალი წარედგინათ. გუშინ დაიგეგმა აქცია, რომელიც გიგი უგულავას მხარდასაჭერად მიმდინარეობდა დღეს, თბილისის მერის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  შესვლის წუთიდან, მის გამოსვლამდე. 

 

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 22 თებერვალს გამოიტანა დადგენილება გიგი უგულავას ბრალდების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი