ახალი ამბები

საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს

28 მაისი, 2017 •
საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 25 მაისს აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს – მუსტაფა ემრე ჩაბუქს. საია მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა.

საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტის და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე. შესაბამისად, საქართველომ არ უნდა მოახდინოს მისი ექსტრადირება.

საიაში აცხადებენ, რომ სასამართლო სხდომაზე ისე მოხდა ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება, რომ არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არ იქნებოდა საკმარისი მოცემულ შემთხვევაში პატიმრობაზე ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება და რატომ იყო აუცილებელი სწორედ პატიმრობის – ადამიანის უფლებების ყველაზე უფრო შემზღუდველი ზომის – გამოყენება.

“ამასთან, ვინაიდან პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დამაჯერებელი და შემდგომში, მოსამართლემაც ასეთი დასაბუთების ფონზე საექსტრადიციო პატიმრობა გამოიყენა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ღონისძიებას უფრო სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა, ვიდრე, მაგალითად, ექსტრადიციის პროცედურებისათვის ხელის შეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის, მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების და ა.შ.” – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

საიას განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებებს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს სერიოზული საფრთხე:

“ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება, კერძოდ ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემები, რაც გამოიხატება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ფეტულა გიულენთან კავშირში დადანაშაულებული ადამიანების უფლებების დარღვევის მასობრივ ფაქტებში.”

საია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურების განხილვისას იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და “მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობა არ დადგეს რისკის ქვეშ.”

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ვრცლად დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი