ახალი ამბები

როგორ არჩევს კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების ახალ სიას?

28 მაისი, 2017 • 2714
როგორ არჩევს კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების ახალ სიას?

იანვარში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სიის ჩავარდნის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ წარსადგენთა ახალი ნაკადის შესარჩევად სამთავრობო კომისიამ მუშაობა 27 მაისს დაიწყო და უკვე ჩაატარა გასაუბრება პირველ 11 კანდიდატთან. დღეს, 28 მაისს, კომისია კიდევ 12 კანდიდატს გაესაუბრება.

გასაუბრების პროცესზე დასწრების საშუალება ჟურნალისტებს ჩამწერი მოწყობილობების გარეშე ჰქონდათ. 11-დან ორმა კანდიდატმა, ნატალია გელაძემ და ირაკლი დონდოლაძემ მედიის დასწრებაზე უარი განაცხადა. 

კომისიის შემადგენლობა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე  − ზაზა ხატიაშვილი;

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;

სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;

კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, რომელთან გასაუბრებაც 27 მაისს უნდა ყოფილიყო, კანდიდატურა საკუთარი ნებით მოხსნა.

კანდიდატები, რომლებმაც 27 მაისს მედიის დასწრებაზე თანხმობა განაცხადეს, არიან: იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და “სახელმწიფო ხალხისთვის” საარჩევნო სიის წევრი დავით ჯანდიერი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური; ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ადეიშვილი; ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია, თსუ-ს ლექტორი თამარ ალექსიძე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ბესარიონ ბოხაშვილი; ფინანსთა მონისტრის ყოფილი მოადგილე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის იურიდიული საკითხების დირექტორი რუსუდან კემულარია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადდანიშნული მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ნიკოლოზ ლეგაშვილი.

ფორმატი ასეთი იყო: თითოეული კანდიდატი კომისიის წინაშე ცალ-ცალკე შემოდიოდა. მათ თავმჯდომარე, თეა წულუკიანი სთხოვდა, მოკლედ ესაუბრათ საკუთარ ძლიერ მხარეებზე – თუ რის გამო უნდა აერჩიათ ისინი სტრასბურგის მოსამართლის თანამდებობაზე.

ამის შემდეგ იწყებოდა შეკითხვების ეტაპი. კითხვები, რომლებსაც კომისიის წევრები კანდიდატებს უსვამდენენ, შეეხებოდა სამართლებრივ საკითხებს, კანდიდატების წარსულს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც.

მაგალითად, რამდენიმე კანდიდატს დაუსვეს შეკითხვა, როგორ მოიქცეოდნენ, თუკი სტრასბურგის სასამართლოში მათ მოუწევდათ განეხილათ განცხადებები, სადაც ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ამბობენ, რომ ქორწინების უფლება არ ეძლევათ. პირველად მსგავსი შინაარსის კითხვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კონსტანტინე კორკელიას დაუსვა, შემდგომ კი ქორწინების შესახებ კითხვა სხვა კანდიდატებსაც დაუსვეს, მაგალითად, ზაზა ხატიაშვილმა დასვა კითხვა, თუ რას ფიქრობდნენ კანდიდატები საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაჩენაზე.

კორკელიამ ამ კითხვაზე პასუხისას ახსენა, რომ ეს “დელიკატური თემაა” და ბოლო დროს სტრასბურგში ტენდენცია მიდის იქით, რომ აღიარებენ ერთი და იმავე სქესის მქონეთა სამოქალაქო პარტნიორობას.

კიდევ ერთმა კანდიდატმა, ვერა დობორჯგინიძემ ისაუბრა იმაზე, რომ მისთვის, ერთი და იმავე სქესის ადამიანებში ქონებრივი საკითხების რეგულირება ქორწინების გზით მისაღებია, თუმცა, ბავშვის  ინტერესებიდან გამომდინარე მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილს შვილად აყვანა შეეძლოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მერაბ გაბინაშვილის ერთ-ერთ შეკითხვა ეხმაურებოდა საბჭოს ინიციატივას იმის შესახებ, რომ მოსამართლეების კრიტიკა ისჯებოდეს. მან კანდიდატ ნინო ბაქაქურს ჰკითხა, მისი აზრით, უნდა შეზღუდულიყო თუ არა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკა იმ სახით, რა სახითაც დღეს ისმის.

ნინო ბაქაქურმა ამ კითხვაზე პასუხისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს თმენის უფრო მეტი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა მოქალაქეებს. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი სასამართლოსადმი მოქალაქეების ნდობას უკავშირდება, რაც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს საქმიანობას, მის გამჭვირვალობასა და დასაბუთებულობას.

“სასამართლოს მოვალეობაა, მოიპოვოს საზოგადოების ნდობა” – განაცხადა ნინო ბაქაურმა. მანვე ერთ-ერთ პრეცედენტზე საუბრისას აღნიშნა, რომ “არ შეიძლება სასამართლოზე ისეთი თავდასხმა, რომელიც არსებითად უსაფუძვლოა”.

კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ნინო ბაქაქურს დაუსვეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეს ეხებოდა.

ზაზა ხატიაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არ იყო ნინო ბაქაქური უზენაესი სასასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობაში, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილა. ხატიაშვილს აინტერესებდა, ეს ბაქაქურის მხრიდან პროტესტის გამო მოხდა, თუ რაიმე სხვა მიზეზით.

ნინო ბაქაქურმა მას განუმარტა, რომ იგი შემადგენლობაში დიდი პალატის არჩევის წესის გამო ვერ მოხვდა და ეს მისი მხრიდან არ უკავშირდებოდა პროტესტს.

“ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, რომ ვყოფილიყავი,”- განაცხადა ნინო ბაქაქურმა და იქვე დასძინა, რომ ეს მისთვის არც ძალიან სასურველი იქნებოდა და არც ძალიან არასასურველი.

ნინო ბაქაქურმა არც საქმის დეტალებზე ისაუბრა – “ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მსგავსი, ან განსხვავებული,” – აღნიშნა ბაქაქურმა გასაუბრებაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს კიდევ ერთი შეკითხვა პროკურატურის წარმომადგენელმა მამუკა ვასაძემ დაუსვა. მისი კითხვა ეხებოდა იმას, რომ ბაქაქურმა 2012 წელს “რესპუბლიკურ პარტიას” 12 500 ლარი შესწირა, თან აცხადებდა, რომ არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი. ნინო ბაქაქურმა მამუკა ვასაძეს განუმარტა, რომ პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა და ეს იყო მისი მოქალაქეობრივი პოზიციის უფრო მკაფიოდ გამოხატვა, ვიდრე არჩევნებზე მისვლაა. მანვე აღნიშნა, რომ იმ პერიოდში აუდიტის სამსახური დევნიდა, ვინც ამას გაბედავდა და შესაძლოა რეპრესიების მსხვერპლიც გამხდარიყო, თუმცა ამის გამო უკან არ დაუხევია.

თეა წულუკიანს არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამს თავისი ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერისთვის. ჯანდიერს შეკითხვები წარსულ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ძირითადად შალვა თადუმაძემ დაუსვა.  ასევე, კითხვები პოლიტიკურ საქმიანობაზე ჰქონდათ მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს, მამუკა ვასაძეს, სოფო კილაძეს და მერაბ გაბინაშვილსაც.

19464

დავით ჯანდიერმა გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი არ ყოფილა და მხოლოდ სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

შალვა თადუმაძემ ჯანდიერს წაუკითხა განცხადებები, სადაც იგი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, სოფო კილაძემ კი განაცხადა, რომ ჯანდიერის საქმიანობა უფრო პოლიტიკურ საქმიანობას ჰგავს და არა – იურისტის საქმიანობას. 

უჩა ნანუაშვილმა ჯანდიერს ჰკითხა, მის კარიერაში რამდენი პროცენტი იყო პოლიტიკური საქმიანობა, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს ძალიან მცირე ნაწილი იყო.

ნანუაშვილმა ჯანდიერს ასევე ჰკითხა, ხომ არ სურდა მოსამართლეობა საქართველოში. დავით ჯანდიერმა უპასუხა, რომ მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღარ იყო, მმართველ გუნდთან ჰქონდა მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ სწორედ მას წარადგენდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე. ჯანდიერის თქმით, მისი სურვილის მიუხედავად, გამხდარიყო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ეს მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდა. ამ საკითხზე საუბრისას ჯანდიერმა განაცხადა, რომ ამის შესახებ იცოდა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემაც. თადუმაძეს გასაუბრების დროს ეს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ კონსტანტინე კორკელიას ჰკითხა,  თუ მონაწილეობდა ევროპის საბჭოში და აფიქსირებდა თუ არა თავის აზრს საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის სამი კანდიდატის შერჩევისას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩააგდო საქართველოდან წარდგენილი სამკანდიდატიანი სია ალექსანდრე ბარამიძის, ევა გოცირიძისა და გიორგი ბადაშვილის შემადგენლობით.

კონსტანტინე კორკელიამ თადუმაძეს უპასუხა, რომ შერჩევის პროცესში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და “შეხება არ ჰქონია” ამ საკითხთან.

თეა წულუკიანმა ბესარიონ ბოხაშვილთან და კონსტანტინე კორკელიასთან გასაუბრებისას კითხვები დასვა 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე, რომელიც საქართველომ მოიგო, თუმცა, მინისტრის თქმით, რუსეთის მხარე პრობლემებს უქმნით კომპენსაციის ნაწილში, რადგან თავდაპირველად სტრასბურგში მხოლოდ 118 მსხვერპლის შესახებ იყო ინფორმაცია გაგზავნილი, თუმცა, რეალურად, მსხვერპლთა რაოდენობა 4 ათასს აღემატება. კონსტანტინე კორკელია იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო ბესარიონ ბოხაშვილი – სახელმწიფო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში.

თეა წულუკიანმა მათ გასაუბრებისას ჰკითხა, როგორ მოხდა, რომ 4000-ზე მეტი მსხვერპლიდან მხოლოდ 118-ის მონაცემები წარადგინეს.

კონსტანტინე კორკელიამ ამ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ რთული იყო ინფორმაციის მოპოვება კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით და მაქსიმუმს აკეთებდნენ, რისი გაკეთებაც  იმ დროისთვის შესაძლებელი იყო.

ბესარიონ ბოხაშვილმა კი აღნიშნა, რომ მას მხოლოდ 37 დღეს ჰქონდა, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინა, განაცხადი დაეწერა და ა.შ. მანვე აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ოთხასი მსხვერპლი ჩაწერეს, აქედან, 118 “ყველაზე ძლიერი” ამოარჩიეს და სტრასბურგში წარადგინეს. ბოხაშვილის თქმით, წარდგენიდან თვენახევრის შემდეგ წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა.

მერაბ გაბინაშვილმა ბესარიონ ბოხაშვილს ასევე ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა არსებულ ნარკოპოლიტიკაზე და ზოგადად, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე.

სხვა შეკითხვები, რომლებსაც კომისიის წევრები სვამდენენ, ძირითადად შეეხებოდა სამართლებრივ საკითხებს, ასევე ხშირად მეორდებოდა შეკითხვა, თუ რომელ პრეცედენტს შეცვლიდა ესა თუ ის კანდიდატი იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის მოსამართლედ აირჩევდნენ.

იმ კანდიდატთაგან, რომელთა გასაუბრებაზე დასწრების საშუალებაც ნეტგაზეთს მიეცა, მხოლოდ კონსტანტინე კორკელიამ მოითხოვა, რომ მისთვის გასაუბრების დასრულებისთანავე სრული აუდიოჩანაწერი გადაეცათ და  ეს სურვილი სხდომის ოქმშიც დაეფიქსირებინათ.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურა
კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს ქულას ანიჭებს; კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, კომისიის სამდივნო გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს. სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია,  რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება  ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე, და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი