ახალი ამბები

ციხეებში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის შესარჩევი კონკურსი

22 თებერვალი, 2013 •
ციხეებში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის შესარჩევი კონკურსი

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამი ექსპერტი, რომელთაც უნდა შეიმუშავონ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტი.

დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

 

– რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა მოხდება წლის განმავლობაში;

 

– პაციენტის შერჩევის კრიტერიუმები;

 

– მკურნალობის სტანდარტული სქემა;

 

– პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსები;

 

– ტესტ-სისტემების, მედიკამენტებისა და გვერდითი მოვლენების მართვის მომსახურების შესყიდვის კრიტერიუმები საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;

 

– პაციენტთა თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბების კრიტერიუმები;

 

– სკრინინგ -პროგრამის შემუშავება;

 

– C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეროვნული პროტოკოლის სასჯელაღსრულების სისტემაზე ადაპტირება.

 

სამუშაოს შესასრულებლად გათვალისწინებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

 

სამუშაო ჯგუფის მონაწილეების შესარჩევად საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან ეპიდემიოლოგიის სპეციალისტი C ჰეპატიტის თემატიკაზე მუშაობის გამოცდილებით; ეკონომისტი – სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილებით; ინფექციონისტი – სპეციალისტი, რომელიც სიღრმისეულად ერკვევა C ჰეპატიტის დიაგნოსტირება/მკურნალობის საკითხებში.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავებას სასჯელააღსრულების სამინისტრო ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსთან” ერთად იწყებს.

 

საქართველოში C ჰეპატიტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მიეკუთვნება.  2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტით საქართველოში 200 000-მდე ადამიანია დაავადებული.

 

C ჰეპატიტი სერიოზულ  პრობლემას წარმოადგენს ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიც მეტყველებს, რომლითაც საქართველოს დაეკისრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი