ახალი ამბები

ციხეებში C ჰეპატიტით დაავადებულებს უმკურნალებენ

22 თებერვალი, 2013 • 1240
ციხეებში C ჰეპატიტით დაავადებულებს უმკურნალებენ

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავებას სასჯელააღსრულების სამინისტრო ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსთან” ერთად იწყებს.

 

სოზარ სუბარის განცხადებით, პროგრამის შემუშავებაზე საუბარი ჯორჯ სოროსის საქართველოში ვიზიტის დროს დაიწყო, რომელმაც ამ პროგრამის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

 

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე სამი ექსპერტი შეირჩევა – ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი და ინფექციონისტი. ექსპერტების ჯგუფი მარტის ბოლოს დაიწყებს მუშაობას. ისინი შეისწავლიან მდგომარეობას ციხეში და შეიმუშავებენ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობაა საჭირო.

 

დღეისთვის არ არსებობს ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი პირია დაავადებული C ჰეპატიტით სასჯელაღსრულების სისტემაში:

 

“როგორც ცნობილია, სამოქალაქო სექტორში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით 7%-ია, ზუსტი კვლევა არ არის, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია. ევროსასამართლომ რამდენჯერმე მოგვცა დავალება, რომ ვუმკურნალოთ ამ ადამიანებს, მაგრამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ამ მოქალაქეებს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისივე თქმით, მითოლოგიზებულია ის ციფრი, თუ რა ჯდება C ჰეპატიტის მკურნალობა და მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თავის თავზე აიღებს სასჯელაღსრულების სისტემაში ამ ადამიანების მკურნალობას, სხვა მოქალაქეებსაც მკურნალობის ხარჯები დაახლოებით 50%-ით გაუიაფდებათ.

 

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობისას ფასი დამოკიდებულია იმ შემომტანებზე, ვისაც ქვეყანაში სამკურნალო საშუალებები შეაქვს და იმ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სადაც სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს C ჰეპატიტის მკურნალობას, შემომტანები სამკურნალო საშუალების ფასს აიაფებენ.

 

სოზარ სუბარის თქმით, მთავრობას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები წამლების შემომტანებთან და ისინი თანახმა არიან გააიაფონ C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები. დღეის მდგომარეობით, საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა პაციენტისთვის წელიწადში საშუალოდ 20 ათასი ლარის ფარგლებში ჯდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი